პროკრედიტ ჯგუფმა CSR ანგარიში გამოაქვეყნა

თბილისი (BPI) – პროკრედიტ ჯგუფმა, საერთაშორისო სტანდარტებით შემუშავებული  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  2018 წლის შემაჯამებელი  ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში წარმოდგენილია  გასული წლის განმავლობაში პროკრედიტ ჯგუფის  13 ქვეყანაში  ოპერირების მანძილზე განხორციელებული აქტივობები. შეჯამებულია კომპანიის  კორპორაციული, სოციალურ-ეთიკური, გარემოსდაცვითი მიზნები და მიღწევები. ანგარიში ასევე მოიცავს   პროკრედიტ ბანკი საქართველოს, როგორც საერთაშორისო საფინანსო ჯგუფის წევრის  მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს.

პუბლიკაცია გვიზიარებს  ჯგუფის წარმატებულ გამოცდილებას, რომლის საფუძველს  ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული  ბიზნეს მოდელი, კლიენტებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და კვალიფიციურ თანამშრომელთა გუნდი წარმოადგენს. ანგარიშში  ხაზგასმულია პროკრედიტ ჯგუფის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის მიზნების თანხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) მიერ 2015 წელს შემუშავებული მდგრადი განვითარების ამოცანებთან – ეკონომიკური ზრდის, სოციალური ინკლუზიისა  და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად. წინა წლის მსგავსად, 2018 წლის ანგარიში    GRI-ის სტანდარტების შესაბამისად  არის შექმნილი.  დეტალურად პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ პროკრედიტ ჯგუფის  ოფიციალურ ვებ გვერდზე,   ხოლო მოკლე ვერსია იხილეთ აქ.

მნიშვნელოვანია  აღინიშნოს,   რომ     პროკრედიტ ბანკი საქართველოს  გარემოსდაცვითი  მართვის სისტემა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტი,   მწვანე დაფინანსება და ეკოლოგიური და სოციალური რისკის მართვა დაკრედიტებაში.

შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტი –  გულისხმობს  ენერგიის, წყლისა და ქაღალდის მოხმარების, ასევე ნარჩენების წარმოქმნის და ბანკის ნახშირბადის ნაკვალევის შემცირების მიზნიდან გამომდინარე განხორციელებულ აქტივობებს და შედეგებს. მაგალითისთვის,  საქართველოში  პროკრედიტ ბანკმა 2018 წელს ინვესტიცია ჩაიდო წვიმის წყლის გამოყენების პროექტში, რომელმაც ბანკის სათავო ოფისში, ყაზბეგის #21-ში გასული წლის ივნისის თვეში დაიწყო ფუნქციონირება. 7 თვის განმავლობაში შეგროვილმა და ტექნიკური დანიშნულებით გამოყენებულმა წყალმა  ბანკის ოფისებში ჯამურად  მოხმარებული წყლის 19% შეადგინა.

მწვანე დაფინანსება – აღნიშნული მოიცავს მწვანე ინვესტიციების განხორციელებაში კლიენტების ხელშეწყობას,  მწვანე სესხებით ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას, განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების დანერგვას და სხვა გარემოსდაცვითი მიზნობრიობების მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში,  პროკრედიტ ბანკი საქართველოს მიერ განხორციელებულმა მწვანე ინვესტიციამ ჯამურად 15,5  მილიონ ევროზე მეტი შეადგინა,   საიდანაც ენერგოეფექტურმა ინვესტიციებმა – 83%  (დაბალი ენერგომოხმარება ან CO2 ემისია 20%),  ხოლო გარემოსადმი მეგობრულმა ინვესტიციებმა (რესურსების ეფექტურობა, ნარჩენების მართვა/პრევენცია) – 17% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ   ბანკის   მწვანე საკრედიტო პორტფელი  სტაბილურად ზრდადია და ამ  ეტაპისთვის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 14%-ს  შეადგენს.

ეკოლოგიური და სოციალური რისკის მართვა დაკრედიტებაში – პროკრედიტ ბანკი გარემოზე არაპირდაპირი  ნეგატიური ზემოქმედების შემცირების მიზნით,   არ ემსახურება  ისეთ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობაც ზიანს აყენებს გარემოს ან საფრთხეს უქმნის მათი თანამშრომლებისა და გარშემომყოფების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან კეთილდღეობას.  

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი უკვე 2,9738 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9738 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ …