პრემიერს იმპორტირებული აგროპროდუქტების ადგილობრივით ჩანაცვლება სურს

თბილისი (BPI) – სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და იმპორტის შემცირების ნაწილში, – ამის განაცხადა პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

გიორგი გახარიამ აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობაზე აღნიშნა. თქვა რომ  უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ინდუსტრიის ხარისხის სტანდარტებზე აქცენტირება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კონცენტრირებულად მუშაობა და ისეთი თემები, როგორიცაა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს სამეწარმეო სიმძლავრეების გამსხვილება და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას მეცხოველეობის ხელშეწყობისკენ. მთავრობის მეთაურმა უწყებას დაავალა, უმოკლეს დროში წარუდგინოს მეცხოველეობის დარგის განვითარების სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

შეხვედრისას ასევე აქცენტი გაკეთდა მელიორაციაზე და ამ კუთხით 2020 წლის გეგმებზე.

გიორგი გახარიამ, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მაღალ კონცენტრაციასთან ერთად, ყურადღება ეფექტურობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ იმ ცვლილებებსა და ინვესტიციებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში სოფლად განხორციელდა, თავისი ხელშესახები შედეგები უკვე უნდა ჰქონდეს – აქვს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიფიქროთ როგორც ბაზრების, ასევე პროდუქტიულ დივერსიფიცირებაზე. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი კომპონენტი. მესმის, რამდენად რთულია ამ ორი საკმაოდ რთული სფეროს ერთმანეთთან ინტეგრირება და ამას დრო სჭირდება, თუმცა ვიცი, რომ აქაც გარკვეული წარმატებები გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან და სამინისტროს თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია სამინისტროს 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრი მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრებს სამთავრობო უწყებებში რეგულარულად გააგრძელებს.

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ამბობს, ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს …