პრემიერი: საქართველო #1 ქვეყანაა, სადაც “ბლოკჩეინის“ ტექნოლოგია საჯარო სამსახურში მომსახურების მიწოდებისთვის გამოიყენება

თბილისი (BPI) – “საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც “ბლოკჩეინის“ ტექნოლოგია საჯარო სამსახურში გამოიყენება მომსახურების მიწოდების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა განათლებაში კაპიტალდაბანდების ზრდაზე, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვის პროცესსა და ინოვაციების საფუძველზე საქართველოში ეკოსისტემის შექმნაზე.

“ახლახან წარვადგინე ჩვენი „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგია, რომელიც ეფუძნება გარემოს დაცვის პრინციპს, რათა მთელს ქვეყანაში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა და მომავალი თაობებისთვის მოხდეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და გაფრთხილება. ორი პრიორიტეტი მაქვს გამოკვეთილი ამ სტრატეგიაში – ადრე არსებული უპასუხისმგებლო ეკოლოგიური ვითარების მართვის შედეგების განეიტრალება და არსებული ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება ისე, რომ საქართველოს გამოკვეთილი როლი იყოს უზრუნველყოფილი მწვანე ეკონომიკის კონტექსტში. შედეგად მოვიზიდეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი, რომელიც მზის პანელებისა და ელექტრონული მანქანების წარმოებას მოიცავს”, – აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ინფრასტრუქტურაში, მათ შორის თანამედროვე გზებში, პორტებში და მაღალი პროფესიული უნარების მქონე, კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნაში და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები იდგმება.  

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი უკვე 2,9738 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9738 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ …