პარლამენტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობს

GMP-ს, ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტის მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქტზეც სავალდებულო გახდება, -ამას ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილული „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. საკითხის მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კანონში ცვლილებები ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს და თანაბარ მიდგომებს უზრუნველყოფს ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლების, საბითუმო რეალიზატორებისა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორების მიმართ „აქამდე საქართველოს კანონმდებლობით GMP-ის სტანდარტი სავალდებულო წესით მოეთხოვებოდა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას.

2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა GMP-ს სრულად ამოქმედების მექანიზმი და განისაზღვრა მისი ეტაპობრიობა. კანონპროექტის შექმნა აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ ჯანსაღ კონკურენციას შეეწყოს ხელი და როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქტები თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს. ასევე ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიებისთვის მნიშვნელოვანია კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატი, ანუ დოკუმენტი მოთხოვნილი იქნას როგორც ბაზარზე დაშვების წინაპირობა იმპორტირებულ პროდუქტზეც. ამდენად მთავარი ცვლილება, რომელიც წარმოდგენილია ამ პროექტით, შეეხება დაშვების წინაპირობა GMP სტანდარტის მოთხოვნას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ მთავრობის საკანომდებლო ინიციატივის წარდგენისას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებისა და საბითუმო რეალიზატორებისათვის, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ძალაში შევიდა GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის მოთხოვნები. თუმცა GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატი, სავალდებულო წესით, არ მოითხოვება იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტებისთვის, რაც ამ უკანასკნელთ აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებსა და საბითუმო რეალიზატორებთან მიმართებაში.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მოცემული ეტაპისთვის, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნა ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის.

მომხსენებლის ინფორმაციით, გათვალისწინებულია გარკვეული გარდამავალი პერიოდი იმისთვის, რომ განისაზღვროს დეტალურად ეტაპები და პირობები უკვე ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქტებისთვის GMP სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა იმას უკავშირდება, რომ უკვე ამოქმედებულია ადგილობრივი GMP-ის ვადები, აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ მოხდეს პარალელურად იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის სტანდარტების ამოქმედება, მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები მოკლე პერიოდში განხორციელდეს.

კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება ერთიანი მიდგომა ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლების, საბითუმო რეალიზატორებისა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორების მიმართ GMP-ის სტანდარტის მოთხოვნის კუთხით, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე სამართლიან კონკურენციასა და ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ეს მოსაზრება კომიტეტის სხვა წევრებმაც გაიზიარეს.

კომიტეტმა, კენჭისყრის შედეგად, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება. …