ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს – ღარიბაშვილი

რამდენიმე კვირის წინ მე წარმოვადგინე კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ონლაინ კაზინოების, სათამაშო ბიზნესისთვის  საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, რაც სექტორის გადასახადების დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან ერთად,  აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.

„აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, ყველა საჯარო მოხელეს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით.  ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება.

ეს ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს. რაც შეეხება სექტორს და ე.წ. ლენდ კაზინოებს, ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მაგალითისთვის, ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე 2022 წლიდან გვინდა დავიწყოთ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე  ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია

ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34  რეგულაციით,  საქართველო იმ ქვეყნების  ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის …