ნიკორწმინდამდე მისასვლელი გზა და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

თბილისი (BPI) – ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მოედნის, ღობის, ჭიშკრების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას  და სუვენირების მაღაზიის, პარკინგის მშენებლობას. 

პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა. 

„მსოფლიო ბანკის დახმარებით ვახორციელებთ ამ პროექტს. ასევე, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ეს არის 26 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც 8 სოფელს აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში ეს გზა პრაქტიკულად არ არსებობდა და მისი აღდგენა ძალიან სასიხარულოა. ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის თვალსაზრისით, ისე რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რაჭაში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 13 მილიონ ლარზე მეტი. ამ თანხით ფინანსდება წყლისა და კანალიზაციის სისტემების, ქუჩებისა და გზების რეაბილიტაცია, ასევე – მდინარეებზე დამცავი კედლების მშენებლობა, მინი-სტადიონების მოწყობა და სხვა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 22 პროექტზე მუშაობს, რომლის ფარგლებში 98კმ გზის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი განხორციელდება. მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 136 მილიონ ლარს აჭარბებს. 

სხვადასხვა პროფილის პროექტებზე მუშაობს რაჭაში მუნიციპალური განვითარების ფონდი, მათ შორისაა საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რებილიტაცია.

შემთხვევითი სიახლე

ავიაბაზრის 15%-ს Wizz Air-ი ფლობს

თბილისი (BPI) – 2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ …