ნათია თურნავა: „ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ნდობა იზრდება“

თბილისი (BPI) – „როცა საქართველოსნაირ მცირე ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა წლიდან წლამდე ბევრად არის დამოკიდებული ამა თუ იმ მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე, ყველაზე სწორი და გამართლებული იქნება, ეს მაჩვენებელი განვიხილოთ საშუალოვადიან ჭრილში“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ ეს ინიციატივა დღეს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით,  ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მთელი რიგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით სამჯერ უფრო მაღალია FDI-ს წილი მთლიან შიდა პროდუქტში. ძალიან დამაიმედებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მე-3 კვარტლის შედეგები, რომელმაც ცხადყო, რომ FDI საქართველოში ორნიშნა რიცხვით ხასიათდება და რაც მთავარია, პრაქტიკულად, გაორმაგებულია რეინვესტირებული მოგების მოცულობა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – ინვესტორების მხრიდან იზრდება ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ. „თუმცა ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წელს ეს ტენდენციები გაძლიერდეს“, – აღნიშნა მან.

 

შემთხვევითი სიახლე

ელიზაბეთ რუდმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერა

თბილისი (BPI) – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ქუთაისის N17 საჯარო სკოლას ეწვია, …