ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება დაინერგება

თბილისი (BPI) – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება  ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან.

პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა პროექტი, რომლის პირველი ეტაპი – „საჭიროებების კვლევა“ დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. პირველი ეტაპი გულისხმობს საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს, მეორე ეტაპი კი  მოიცავს უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ვაჭრობის სფეროს ინტეგრაცია საერთო ევროპულ ერთი ფანჯრის სისტემაში, რომელში ჩართვაც საქართველოს მოუტანს სტრატეგიულ უპირატესობას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. პროექტის შეფასებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას პორტებში და ასევე, საქართველოს ნავსადგურებს მისცემს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმონ ტვირთნაკადები რეგულარული მიმოსვლის გემებისათვის ტვირთების კატეგორიებისა და მოცულობის მიხედვით.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნესპროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს  ადამიანურ რესურსებს და მოგვცემს საშუალებას უმოკლეს ვადაში იქნეს მიღწეული შედეგები. მისი თქმით, პროექტი იძლევა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას.

პროექტმა შეხვედრის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანიის „MSC Georgia“ – ს მმართველმა დირექტორმა ალკან ალიჩიკმა განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას საქართველოს ბაზარზე, რაც კარგია პროფილური ბიზნესისთვის. „ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს, რადგან ის შეამცირებს დამატებით სამუშაო საათებს, რასაც ახლა ვხარჯავთ სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტან-მოტანაზე საბაჟოსა და სხვა ორგანიზაციებში. პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, ფაქტობრივად, დავზოგოთ დრო და რესურსი და მეტი დრო ბიზნესის კეთებას მოვანდომოთ,“ – განაცხადა ბიზნესმენმა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ღვინის ექსპორტმა საქართველოს $220 მლნ მოუტანა

თბილისი (BPI) – ღვინის ექსპორტიდან საქართველომ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 220 მლნ დოლარი მიიღო, ეს 20%-ით …