მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მოქალაქეებს შეხვდა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრები, სემეკის აპარატის წარმომადგენლები და ენერგოომბუდსმენი.
დავით ნარმანიამ მოქალაქეებს განუმარტა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ და მოუწოდა, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ყოველთვის მომართონ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
„სემეკის გადაწყვეტილებები და საქმიანობა ცხადყოფს, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებები სრულყოფილად იყოს დაცული. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვები და იცით, რომ მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე, კომისიამ ადგილზე შეამოწმა კომპანიების საქმიანობები. გარდა იმისა, რომ დარღვევების დაფიქსირების გამო დაჯარიმდა სს „თელასი“, მოქალაქეებს ჯამში ნახევარი მილიონი ლარის დარიცხვა დაუკორექტირდათ, ხოლო მათ, ვისაც დარიცხვა უკვე გადახდილი ჰქონდა, ზედმეტობით გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდათ სააბონენტო ბარათებზე.
ჩვენი მიზანია, რომ კომუნალურ სეგმენტში მომსახურების ხარისხი გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს და ადგილი აღარ ჰქონდეს კომპანიების მიერ გადაცდომებს. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი კონსულტაციისთვის. სემეკთან ან ენერგოომბუდსმენთან დაკავშირება შეგიძლიათ როგორც ქოლ ცენტრის საშუალებით, ნომერზე – 16 216, რომელზეც ზარის განხორციელება უფასოა მოქალაქეებისთვის, ასევე სოციალურ ქსელითაც“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას უკავშირდება.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …