მიკროავტობუსები 2020 წლიდან ჩანაცვლდება

თბილისი (BPI) – დედაქალაქში მიკროავტობუსები ეტაპობრივად ჩანაცვლდება. კომპანია „სისტრას“ კვლევით დადგინდა, რომ მიკროავტობუსების არსებობა ქალაქისთვის, შიდასაუბნო დონეზე მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა არ შემცირდეს.

“ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩებისა და ავტობუსების მოცულობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება. მითუმეტეს, სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ უფრო დიდი ავტობუსების შემოყვანას – 18 და 24-მეტრიანების. შესაბამისად, კვლევამაც გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების არსებობა ქალაქში მნიშვნელოვანია. მთავარი ის არის, რომ საზოგადოებას კი არ უნდა შეუმცირდეს ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა, არამედ გავუზარდოთ. მიკროავტობუსების როლი შიდა საუბნო დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვლევა გვაჩვენებს, რომ ისინი აუცილებელია. შეიძლება არა იმ რაოდენობით, რაც თავდაპირველად იყო, მაგრამ მათი ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან საჭიროა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“ ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია, რათა 2020 წლიდან არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს.

კალაძე აღიარებს, რომ მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და საზოგადოების მხრიდან მითითება იმაზე, თუ როდის ჩანაცვლდება ისინი, არის ლეგიტიმური.

“მიკროავტობუსებს აქვს გამონაბოლქვი, ზოგს ძირი აქვს გავარდნილი. მიუღებელია მათი ამ მდგომარეობაში ხილვა მაშინ, როდესაც ავტობუსების პარკის მთლიანად განახლება-ჩანაცვლება გვაქვს დაწყებული. არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდო, როდის მოხდება ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება და მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს – რაც შეიძლება სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია იქონიოთ შესაბამის კომპანიასთან.   მიკროავტობუსები არის კერძო კომპანიის საკუთრება და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 2030 წლამდეა. დაიწყეთ მათთან მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. ჩემთვის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე კომფორტულად გადაადგილება მოახერხონ. ორ კვირაში კონკრეტული გეგმა წარმოადგინეთ, რომ 2020 წლიდან უკვე ჩანაცვლების პროცესი დაიწყოს“, – აღნიშნა მერმა.

კახა კალაძის თქმით,  სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, 2020 წლის დასაწყისში ყვითელი ავტობუსების პარკის მთლიანად ჩანაცვლება და მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვა იგეგმება.

„ორი წელია, რაც თბილისის მერიაში ვართ მოსულები და დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. საზოგადოებას ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა წარვუდგინეთ და შემდეგ დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ვაგონების დამატება, არსებულის რეაბილიტაცია-განახლება. ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში გვინდა, გამოვაცხადოთ შესყიდვა ახალ, ევროპული ტიპის 40 ვაგონზე. მეტრო არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. ყვითელი ავტობუსებიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მგზავრობა არაკომფორტულია და აქვს გამონაბოლქვი. ამიტომ დავიწყეთ ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2020 წლის  დასაწყისში ვფიქრობთ, რომ ყვითელი ავტობუსების არსებულ პარკს მთლიანად ჩავანაცვლებთ. დამატებით გვინდა, 100 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვა. მთავარი მიზანი არის, გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტად მოიხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლებად კერძო ავტომობილები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ლარს მონეტარული ინსტრუმენტები ამყარებს, ეკონომიკის ზრდას კი არამონეტარული ბერკეტები აჩქარებს

თბილისი (BPI) – „ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის, პირველადი ზრუნვის საგანი ინფლაციის …