მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დახმარება გახდეს 150 ლარი, პირველი ივნისიდან – ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაზე 

ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი და ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც.

„დღეს მინდა ჩვენს საზოგადოებას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვაცნობო, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე.

მინდა საუბარი დავიწყო ბავშვთა უფლებების დაცვით. მოგეხსენებათ, რომ მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი. თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს, პირველი ივნისიდან.

ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ასევე ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაღელვებს სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 000-ზე მეტ ბავშვს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ სხვა დახმარების გაცემას და გაზრდას, მათ შორის, სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარება, სწორედ ამ მიზნით და მიმართულებით არის გაკეთებული“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის დაფინანსებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტი …