მთავრობის 100 საინვესტიციო შეთავაზებას ორ დღეში 11 000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო

თბილისი (BPI) – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებულ პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ორ დღეში 11 000 მეტი მომხმარებელი გაეცნო. პროექტის ფარგლებში ელექტრონულ აუქციონზე 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურით არის წარმოდგენილი.

ამასთან, შეიქმნა სპეციალურად შემუშავებული ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილია პროექტის ფარგლებში არსებული ყველა საინვესტიციო პაკეტი და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ეწვიოს მისთვის სასურველ ელექტრონულ აუქციონს,  მიიღოს  მონაწილეობა ვაჭრობაში და გახდეს უძრავი ქონების მესაკუთრე.

პლატფორმა განახლებადია და მუდმივად შეივსება ახალი საპრივატიზებო ობიექტებით.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქს და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

პროექტის მიზანს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა – Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.88 ლარი გახდა

თბილისი (BPI) – Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი მყარდება. დილით ვაჭრობა $1/₾2.92-ით გაიხსნა. ამ დროისათვის 2.8800-ის ნიშნულზეა. …