მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება

თბილისი (BPI) – მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე განახორციელონ.

კახა კალაძემ აღნიშნა, ტაქსების რეფორმის განხორციელება, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე ასევე, მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემა გაგვეთვალისწინებინა. აგვიხსნეს, რომ ერთი წელი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები მომზადებულიყვნენ. გვთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი B კატეგორიაში გაეგრძელებინათ მუშაობა. გვინდა, რომ აღნიშნული თარიღი 2020 წლის ბოლომდე გავითვალისწინოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან კი ცვლილება ავტომატურად შევა ძალაში და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება. მძღოლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ავტომობილების ჩანაცვლება მოახდინონ და ტაქსის სერვისის განხორციელება 2021 წლის პირველი იანვრიდან მარცხენასაჭიანი  ავტომობილებით იმ კატეგორიაში განაგრძონ, რომელზეც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განმარტა თბილისის მერმა.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, კახა კალაძის განცხადებით, მათთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა სიახლე, ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაციის შედეგად განხორციელდება.

„ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომლის მსგავსი ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ეს  მხოლოდ ტაქსების რეფორმას არ ეხება. სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მსგავსი რეფორმა ქალაქში ჯერ არ განხორციელებულა. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მარშრუტების გადალაგება, რაზეც დიდი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოგვიწევს. ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, ორ მნიშვნელოვან საკითხზე მოხდა შეთანხმება – პირველი: შემოგვაქვს ფირის უფასოდ გადაკვრის კომპონენტი და მეორე: მარჯვენასაჭიან ტაქსის მძღოლებს ვაძლევთ უფლებას, ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე B კატეგორიაში განაგრძონ. ამ პერიოდში მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი საქართველოში მგზავრთნაკადს 53%-მდე გაზრდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე …