ლაშა ხუციშვილმა სსფ-ში შეხვედრისას ხაზი გაუსვა ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, ჯიჰად აზურს და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მოლაპარაკებებისას, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2020-2021 წლებში, COVID-19-ის პანდემიის უკიდურესად ნეგატიური ეფექტის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა წინა პროგრამა, რომლის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებისა და სათანადო რესურსების მობილიზებისთვის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას, რომელიც ფონდის მხრიდან ქვეყნის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს განაცხადს. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველომ უკვე მიიღო კითხვარი და აქტიურად მიმდინარეობს პასუხების მომზადების პროცესი. „ეს პროცესი საქართველოს აძლევს ისტორიულ შესაძლებლობას და პასუხისმგებლობას – დაიცვას ევროკავშირის სტანდარტები ჩვენს პოლიტიკასა და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგში“, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლიდან ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და პროგნოზები საშუალოვადიან პერიოდში, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.

აღინიშნა, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა, არსებული სირთულეების ეფექტური მართვა, მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და ამავდროულად, ფისკალური კონსოლიდაციის მიღწევა.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში წლების განმავლობაში, საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქვეყანას გააგრძელოს ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა.

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …