კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა რეგულირებად სექტორში – “ჯეოქეისის” ორგანიზებით ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თბილისი (BPI) – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ სპიკერის რანგში ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” ორგანიზებით დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ – სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომუნიკაციების კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე.

„კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში მხარეთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მაქსიმალურად ასახავს ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებულ პრინციპებს, პასუხობს სააგენტოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული თუ სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას. კერძოდ, დღევანდელი შეხვედრის თემიდან გამომდინარე, რომ ვისაუბროთ და დავკონკრეტდეთ – მიღებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებლები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით მოქმედებენ. შექმნილია ერთიანი საკანონმდებლო ბაზა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებები (კონცენტრაცია, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, ჯარიმა) სავალდებულოდ აღსასრულებელია მარეგულირებელი ორგანოებისთვისაც. გამიჯნულია – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოების კომპეტენციის ფარგლები. სააგენტო შეისწავლის რეგულირებად სექტორში განხორციელებულ ქმედებებს, თუ: 1) ერთ-ერთი მხარე არის არარეგულირებად სფეროში მოქმედი სუბიექტი, 2) ქმედება – დავის საგანი არარეგულირებად სფეროშია განხორციელებული და 3) სუბიექტები წარმოადგენენ სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტებს.

კონკურენციის საკითხებზე, მარეგულირებელი ორგანოები ხელმძღვანელობენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პოსტულატებით და ამ კანონზე დაყრდნობით შეისწავლიან საკითხებს, თუ ქმედების განმახორციელებელი ყველა სუბიექტი წარმოადგენს ერთი და იმავე რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს. უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ცვლილებები ჩასწორდა ჩვენი ევროპელი და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე. ვფიქრობ, რომ დღეს მიღებული შედეგები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უწყებების მუშაობა იყოს მეტად ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, რაც, თავის მხრივ, შესაბამის ბაზრებზე, გაზრდის კონკურენციას“, – განაცხადა შეხვედრისას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ და ღონისძიების ორგანიზატორს, მონაწილეებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა 2020 წელს განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხებოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რომელსაც ღონისძიების მოდერატორი, “ჯეოქეისის” თავმჯდომარის მოადგილე – ბაქარ ფალავანდიშვილი ხელმძღვანელობდა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “წიგნების თაროს სკოლა” წარმატებით გრძელდება

თბილისი (BPI) – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. პანდემიის ფონზე შექმნილი …