“ინვესტირების გააქტიურებისთვის აუცილებელია ბიზნეს ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის პროცედურის გამარტივება”

თბილისი (BPI) – ქვეყანაში რეგულარული ფრენები განახლდა და 10-თვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ქართულ საჰაერო სივრცეს ავიაკომპანიები დაუბრუნდებიან. თუმცა მთავრობის გადაწყვტეილებით კომპანიებს მხოლოდ  გაწერილი რეგულაციებით მოუწევთ საქმიანობა. ერთი სიტყვით, ფრენები აღდგა, თუმცა რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის არ შეცვლილა ქვეყანაში შემოსვლის წესი, ხოლო შემოსვლის უფლების მოპოვების პროცედურა მოუხერხებელია საქმიანი ვიზიტორებისთვის, რაც გარკვეულ ავიახაზებს ფრენების განახლების შესაძლებლობას არ აძლევს.

გარდა ამისა, ამ დროისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად აწარმოებს კონსულტაციებს ყველა ავიაგადამზიდველთან, როგორც ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში სასურველ საჰაერო ხაზებზე ფრენების განახლების, ისე ზაფხულის სეზონის მიმართულებებისა და სიხშირეების თაობაზე.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) ამბობენ, გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში კვლავაც მაღალია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან პერიოდულად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ცვლის სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, რაც ბუნებრივია ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე, ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. „მიუხედავად იმისა, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, რიგი ავიაკომპანიები აქტიურად გამოხატავენ საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სურვილს. რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა შესაძლებლობას მოგვცემს ინდუსტრიასთან ერთად, მოვემზადოთ აქტიური სეზონისთვის, ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება და ხელი შევუწყოთ ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას ჩვენს ქვეყანაში.“ – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.

ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ასევე საქმიანი ურთიერთობებისა და ინვესტირების განახლების აღდგენისთვის. ამ საკითხზე მედიასაშუალებებთან არაერთხელ აღნიშნა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმაც.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში მიმდინარეობს 30 მლნ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები, 70 მლნ დოლარის კი მომზადების პროცესშია. მათ შორის გიორგი ჯახუტაშვილი შოვის ბალნეოლოგიურ კურორტს ასახელებს.

ცნობისათვის, ყაზახური ინვესტიცია საქართველოში  2006 წლიდან ხორციელდება და  მისი მაჩვენებელი, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, 240 მილიონის ფარგლებში მერყეობს. დღეისათვის, საქართველოს განვითარებაში ყაზახური ინვესტიციების როლის შესაფასებლად მხოლოდ ეს არგუმენტიც საკმარისია,  თუმცა, ამას ემატება სხვადასხვა არხებით შემოდინებაც, რაც მთლიანობაში ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს სქართველოში ყაზახური კაპიტალით უკვე წარმოდგენილია ბანკი, პორტი, ნავთობკომპანია და ავიახაზები, რომლებსაც წლების განმავლობაში  შემოყვა ბევრი კერძო სუბიექტი, რომლებმაც ფული ძირითადად უძრავ ქონებაში ან სხვა საშუალო ბიზნესში დააბანდეს, დაასაქმეს ბევრი ადამიანი და სურთ აღნიშნული საქმანობების განვითარება.

როგორც გიორგი ჯახუტაშვილი განმარტავს, ყველა ერთობლიობაში წარმოადგენს იმ რესურსს, რომელსაც, ჩვენი ხელშეწყობის შემთხვევაში, შეუძლია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ამასთან,  თავად იქცეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის არხად, რადგან არსებობს პოტენციალი და რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია.

„ქვეყნის ჯანდაცვას, განათლებას, უსაფრთხოებას, რეგიონულ განვითარებასა და დემოგრაფიული პრობლემების დაძლევას უფრო მეტი ფინანსური რესურსი სჭირდება. სამყოფი ფინანსური რესურსი ვერ შეივსება მხოლოდ საერთაშორისო დახმარებებითა და საგარეო ვალებით. ვალდებული ვართ, შევქმნათ მუდმივი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რასაც მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შენარჩუნებითა და გაზრდით შევძლებთ. ჩემი, როგორც ყაზახეთის საპატიო კონსულის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, ვიზრუნო საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომლის განუყოფელი ნაწილია ინვესტიციებზე ზრუნვა“, – აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.

კონსული შემაფერხებელ ფაქტორებზეც საუბრობს, მათ შორის ერთ-ერთია ქვეყნაში შემოსვლის უფლების მოპოვების რთული პროცედურა, რაც გასულ კვირაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მხოლოდ გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის გამარტივდა. მათ რიცხვში არ მოხვდა ყაზახეთი და მოუხერხებელი პროცედურებიდან გამომდინარე, საქმიანი ვიზიტორები თავს იკავებენ ყაზახეთიდან მგზავრობაზე, რაც თავისთავად, აფერხებს გადაწყვეტილებების პროცესს. შესაბამისად, მთავრობის მხრიდან აუცილებელია შემუშავებულ იქნას ქვეყანაში შემოსვლის ისეთი წესები,  რაც ერთის მხრივ ბიზნეს ვიზიტორებისთვისაც მისაღები იქნება, ხოლო ამავდროულად საფრთხეს არ შეუქმნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.

ის რომ ყაზახეთთან ავიამიმოსვლა მნიშვნელოვანია, მოწმობს არსებული მონაცემებიც. ქართულ ავიაბაზარზე ორი ყაზახური ავიაკომპანია Air Astana და Scat-ია წარმოდგენილი. ორივე ავიაკომპანია 2019 წელს 113 000 მგზავრს მოემსახურა, 2018 წელთან შედარებით ავიაკომპანიებს მგზავრთნაკადი 6000-ით გაეზარდა. პანდემიის გამო, შეწყვეტილი ფრენები ამ ორ კომპანიაზეც აისახა, თუმცა 2020 წელს კომპანიები 14 000-ზე მეტ მგზავრ მოემსახურა.

 

შემთხვევითი სიახლე

ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

15 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 3.1383 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი …