ილიაუნიში „მარკეტინგული ომები“ იწყება

თბილისი (BPI) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტი „მარკეტინგული ომები“ დაიწყო, რომელშიც მონაწილეობის მიღება ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტს შეუძლია. პროექტი ორი სეზონსა და ფინალურ ეტაპს მოიცავს.

გამოცდილი მენტორები და ტრენერები სტუდენტებს გაუზიარებენ პრაქტიკულ ცოდნას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ფინალური ეტაპი გაიმართება ყაზბეგში 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, სადაც პროექტის მონაწილეები რეალური კამპანიის დაგეგმვაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შეთავაზება. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ შესაბამისი ინტერესების მიხედვით, დაარეგისტრირონ სტუდენტური კლუბები, დაგეგმონ აქტივობები და საჭირო დაფინანსება მოიპოვონ უნივერსიტეტისგან.

სტუდენტური კლუბები წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს უწევენ ორგანიზებას. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში 35-მდე კლუბი ფუნქციობს.

ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ კლუბს მენეჯერთა სტუდენტური კლუბი  წარმოადგენს. “მარკეტინგული ომები” არის პროექტი, რომელსაც ისინი ყოველწლიურად სთავაზობენ სტუდენტებს და რომელიც ყოველწლიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით.“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა კაპანაძე.

წელს „მარკეტინგულ ომებში“ 32 სტუდენტი მონაწილეობს, რომელიც ფინალურ ეტაპზე კამპანიების დაგეგმვაში შეეჯიბრება ერთმანეთს.

კამპანიების თემა საზოგადოებაში არსებული პრობლემები და გამოწვევები იქნება.

“პროექტი „მარკეტინგული ომები“ მესამე წელია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ხვდება საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე. პროექტის განმავლობაში მონაწილეები იღებენ  ბევრ საინტერესო და პრაქტიკულ ცოდნას, ხვდებიან გამოცდილ ტრენერებს და მათი მენტორობით აგრძელებენ ფინალურ ეტაპზე ბრძოლას; პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების წამყვან ორგანიზაციებთან, სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებთან.“- განაცხადა პროექტის მენეჯერმა ქეთი ღავთაძემ.

„ისეთი პროექტი, როგორიც „მარკეტინგული ომებია“  შანსს აძლევს სტუდენტს დააგროვოს მნიშვნელოვანი ცოდნა, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები და ისწავლოს შეძენილი ცოდნის სწორად გამოყენება მომავალი წარმატებისთვის. ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს ამ პროექტს“ – ამბობს „ჯეპრას“ კონსულტანტი რუსკა უსტიაშვილი.

„მარკეტინგული ომები“ ილიაუნის მენეჯერთა კლუბის ორგანიზებით 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტში უნივერსიტეტის 120-ზე მეტს სტუდენტს აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ქართველი მედიკოსები ევროკავშირისა და WHO-სგან სამედიცინო დამცავ საშუალებებს მიიღებენ

თბილისი (BPI) – საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი …