თიბისი: მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა დღეს, რომ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს სამომავლოდ

თბილისი (BPI) – საკომისიო ხარჯების შემსუბუქება, დისტანციური განათლების ხელშეწყობა, ხანდაზმულების დახმარება, ციფრული ტექნოლოგიების გავრცელება, სხვადასხვა სერვისის გაციფრულება – ამ მიმართულებებს ითვალისწინებს თიბისი ბანკის ახალი პლატფორმა “თიბისი შენთვის”, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და COVID 19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად, თიბისის ინიცირებულ პროექტებს აერთიანებს.

“თიბისის“ ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო ეგაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” “თიბისი შენთვის” პროგრამის განხორციელების ეტაპებსა და ვადებზე საუბრობს.

“ბანკისთვის საკმაოდ დიდი დათმობა და პასუხისმგებლობაა, რასაც დღეს ვაკეთებთ. ახალ რეალობაში ყველაფერი ტრანსფორმაციაზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ვადაში გაგრძელდება ეს ყველაფერი. პროგრამა 3 თვეზეა შეთავაზებული შეღავათების თვალსაზრისით. რაც შეეხება სოციალურ ნაწილს, მაქსიმალურად შევეცდებით ხანგრძლივ ვადაზე გადავანაწილოთ და გრძელვადიანი დახმარება შევთავაზოთ. უკვე 5 წელია თიბისისთვის გაციფრულების ცნება ყოველდღიური თემა და სტრატეგიული ამოცანაა. რთული იყო ამ ყველაფერზე წინსწრებით და მომავლის რეჟიმში ფიქრი. ჩვენი ტრანზაქციების 95% ისედაც იწარმოებოდა დისტანციურად და ბოლო თვეებში, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უკვე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტრანსფორმაციის პროცესი.

დისტანცირება საჭიროებს გააზრებულ ადამიანურ თანამონაწილეობას, განწყობას და შესაბამის ურთიერთობას მომხმარებელთან, არის ციფრული სერვისები რომლებიც შეიძლება რომელიმე სეგმენტისთვის არ იყოს მისაღები და მათი დახვეწა და ტექნოლოგიური წინსვლა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს,“- აღნიშნავს ნინო ეგაძე.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე მოხდა იმ ბიზნესების მობილიზება, რომლებსაც გაუჩერდათ ყოველდღიური შემოსავალი.

ნინო ეგაძის შეფასებით, ბიზნესის მხრიდან ჩართულობა რეგისტრაციის თვალსაზრისით აქტიური იყო, თუმცა ნელა მიმდინარეობს დონაციის პროცესი.

მისი თქმით, თიბისი ბანკის გასაკუთრებული პრიორიტეტი მოქალაქეებთან და ბიზნესთან ერთად, ბანკის თანამშრომლები არიან და ბანკის 7500 თანამშრომელი უსაფრთხოდ განაგრძობს ამ დრომდე მუშაობას.

“ვფიქრობთ, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის მომხმარებლებისა და თანამშრომლების უზრუნველყოფა უსაფრთხო გარემოთი და მომსახურებით. ჩვენი 7500 თანამშრომელი სრულიად უსაფრთხოდ განაგრძობს მუშაობას, მათი 40% დისტანციურად მუშაობს, ხოლო მეორე ნაწილი, სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად, იმყოფება წინა ხაზზე, იმისთვის რომ უწყვეტი საბანკო სერვისი მიაწოდოს ჩვენს მომხმარებლებს. ყველას გვესმის, ეს არ იქნება მოკლევადიანი პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა დღეს და სამომავლოდ, იმისთვის რომ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს.

“თიბისი შენთვის” ეს არის პროგრამა, რომელიც მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც თიბისიმ,როგორც ორგანიზაციამ, საკუთარი გუნდისა და ქვეყნის წინაშე უნდა გასწიოს. დაწყებული ციფრული ტრანსფორმაციიდან, დამთავრებული ბიზნესისა და ინდივიდუალური პირების მხარდაჭერით, ასევე ჩვენი გუნდის შენარჩუნება – რაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ამ ეტაპზე,”- ამბობს ნინო ეგაძე.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხის ნაკეთობების ბრენდი “თილისმა“ წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების …