თიბისი დაზღვევა COVID19-ის რისკის ქვეშ მყოფი ექიმებისა და ექთნებისთვის ₾300 000-ს გამოყოფს

თბილისი (BPI) – ყველა ექიმი და ექთანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვის და საფრთხის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებისა და საკუთარ ჯანმრთელობას, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევისგან 10 000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას მიიღებს.

თიბისი დაზღვევის სპეციალური ფონდი პროგრამის – #თიბისიშენთვის ფარგლებში შეიქმნა და იმ ექიმების და ექთნებისთვისაა განკუთვნილი, ვინც სამედიცინო დაწესებულებებში უშუალოდ მკურნალობენ COVID-19-ით ინფიცირებულებს და პაციენტებთან მჭიდრო კავშირის გამო, თავადაც საფრთხის წინაშე დგანან.

„არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი ექიმები – საკუთარი საქმის პროფესიონალი და გაბედული ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ. მიგვაჩნია, რომ მაღალი რისკის ზონაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს დღეს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება – მათი როლი და ჩართულობა ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებელ პროგრამას – #თიბისიშენთვის. პირველ ეტაპზე 300 000 ლარს გამოვყოფთ, თუმცა ჩვენი ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. ვაცნობიერებთ, რომ ექიმების დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ მომავალშიც კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ – ამბობს პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

ვირუსის დადასტურებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, კომპენსაციის სისტემა სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე და საბუთების წარდგენისთანავე ამოქმედდება.

პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მისი მიზანია ვირუსის შედეგებით დაზარალებული ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება.

შემთხვევითი სიახლე

არასამთავრობო ორგანიზაცია: თამბაქოს კონტროლის კანონზე მორიგი შეტევა იწყება

თბილისი (BPI) – თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს, – ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის …