თიბისი ბანკისა და მისი ხელმძღვანელის ეკონომიკური პროგნოზები 

თბილისი (BPI) – „თიბისი ბანკისა“ და მისი ხელმძღვანელის ეკონომიკურ პროგნოზებზე ისაუბრეს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“. როგორც  „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, თიბისი არსებობს მხოლოდ ერთი მიზნისთვის – ადამიანებს გაუმარტივდეთ ცხოვრება და კომპანიებს, რომლებიც თიბისისთან თანამშრომლობენ, გაუადვილდეთ ბიზნესის კეთება. მისი მტკიცებით, ეს არის ამოსავალი. შესაბამისად, თიბისის  მიზანია ისეთი ეკოსისტემების შექმნა, რომელიც ადამიანს მეტ თავისუფალ დროს დაუტოვებს.

დღეს თიბისი აღიქმება როგორც ბანკი, თუმცა, ის არ არის მხოლოდ შემოსავლების მაგენერირებელი ბანკი, არამედ კორპორაციამ დაიმატა სტრუქტურები, რომელიც ბევრად უფრო მზარდია. შესაბამისად, ჩნდება იმის ვარაუდი, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც თიბისისთვის ბანკი აღარ იქნება შემოსავლის ძირითადი სტრუქტურა.

გადაცემაში აღინიშნა, რომ 25 წლის წინ რთული იყო ამ წარმატების დანახვა. ახლა უკვე თიბისისზე საუბარი შეიძლება როგორც ტექნოლოგიურ კორპორაციაზე, რომელიც ტექნოლოგიებს ნერგავს. გამომდინარე აქედან, სად იქნება თიბისი ბანკი 25 წლის შემდეგ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და იქნება თუ არა თიბისი აღქმული როგორც ბანკი?– აღნიშნულ საკითხზე ბუცხრიკიძე განმრტავს, რომ იგივე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ან აშშ–ში, ბოლო 50 წლის განმვლობაში დიდი კომპანიების ზომები კარდინალურად შეიცვალა.

კომპანიებისთვის, თუ 19–ე საუკუნეში საშუალო წლოვანება 100 წელი იყო, 20–ე საუკუნეში ეს შემცირდა, დღეს, უკვე 21–ე საუკუნეში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად იცვლება, შესაბამისად, კომპანიები ძალიან სწარფად გადიან. აქედან გამომდინარე, გუნდში პოზიცია შემდეგია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი თიბისის გავლილი აქვს, თუმცა, ამავე დროს საჭიროა ცვლილებები და მათზე მორგება. მათ შორის ეკოსისტემების შექმნა.

ასეთი ეკოსისტემების შექმნის დროს ბანკები ხშირ შემთხვევაში როდესაც გადიან თავისი მოქმედების არეალიდან და შედიან არაპროფილურ ბიზნესებში, ამ კუთხით წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის თიბისი–აღნიშნულ საკითხზე  ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ ბანკი ფიზიკურ უძრავ ქონებებში ინვესტიციებს არ დებს და ეს მათი მიზანი არ არის. ინვესტიციები მხოლოდ სივრცულ ეკოსისტემებში ხორციელდება ან თავად თიბისის მიერ ან პარტნიორებთან ერთად.

„დასავლეთის კვლევებს თუ მოვიყვანთ, ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ნდობა და ფულის განთავსება ისევ რჩება ბანკებში. შესაბამისად, ბანკებს ამ კუთხით სანდოობა გაცილებით მაღალი აქვთ. რეგულაციის კუთხით, როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში, ყველაზე მეტდ რეგულირებული სფერო საბანკო სექტორია როგორც ფინანსური, ასევე ინფორმაციული კუთხით. აქედან გამომდინარე, დღეს თიბისი მონაცემების დასაცავად, ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს ტექნოლოგიებში“–აცხადებს ბუცხრიკიძე.

ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის კურსის თემასაც გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით ბიზნეს სექტორისთვის მთავარ გამოწვევად ისევ ლარის კურსი რჩება. ლარი დღეს მცირედით ისევ გაუფასურდა და მიუახლოვდა გასული აგვისტოს პირველ რიცხვში დაფიქსირებული გაუფასურების მაჩვენებელს, როდესაც ერთი აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითმა კურსმა 2.97 ლარი შეადგინა. შემდეგ კურსი შედარებით გამყარდა, დღეს კი ისევ 2.96-ის ნიშნულზე ავიდა.

როგორც გადაცემაში თანაწამყვანმა, კომპანია „გურიელის“  გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა განაცხადა, საჭიროა ვალუტის გაუფასურების მიზეზების სიღრმისეული შესწავლა, რადგან ლარის კურსი უფასურდება იმისდა მიუხედავად, რომ ვალუტის კურსზე მოქმედი ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი დადებითია. გადაცემის თანაწამყვანმა„თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ შვილობილი ანალიტიკური კომპანიის „გალტ ენდ თაგარტის“ ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებული პროგნოზებიც მოიშველია. ორივე ფინანსური კომპანიის ანალიზის მიხედვით, ლარი მოსალოდნელზე 10-13 პროცენტით უფრო მეტადაა გაუფასურებული და ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე სავარაუდოდ გამყარდება.

ბუცხრიკიძე გადაცემის თანაწამყვანის პროგნოზს დაეთანხმა. მისი განმარტებით, რთულია ზუსტი დროის განსაზღვრა, თუ როდის დაიწყებს ლარი გამყარებას, თუმცა არსებობს თეორიული მოლოდინი, რომ ლარი უნდა გამყარდეს.

„საფუძვლად მოვიყვან ჩვენი ანალიტიკოსების შიდა კვლევებს, რომელთა შესაბამისად დღეს არსებული როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორების გათვალისწინებით, ლარი მოსალოდნელზე მეტად არის გაუფასურებული. იმის თქმა არ შემიძლია, ეს ერთ კვირაში მოხდება თუ რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ არსებობს თეორიული მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …