თბილისში სამეწარმეო ბაზრობა გაიმართა

თბილისი (BPI) – „ფაბრიკაში“სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება პროექტის „GEclose2EU’’-ს ფარგლებში ჩატარდება, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში 100-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო, რომელბმაც მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის პროდუქცია შესთავაზეს. ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო: საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, საკვები და საოჯახო მარნების ღვინის პროდუქცია.

„დღევანდელი ბაზრობა შესაძლებლობას აძლევს ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს თავისი პროდუქცია გააცნონ ბაზრობის სტუმრებს. მათ ასევე საშუალება აქვთ გაიზიარონ სხვა მეწარმეების გამოცდილება, მოახდინონ გამოტანილი პროდუქციის რეალიზაცია და პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ნაწარმს. მსგავსი ტიპის ბაზრობები ორი წლის განმავლობაში გაიმართება და ჯამში 500 მეწარმე ჩაერთვება ჩვენს პროექტში. მეწარმეებს საგანმანათლებლო მიმართულებასაც შევთავაზებთ და ვფიქრობ ეს გარკვეულ წილად დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში, რადგან სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი“,- განაცხადა ეკონომიკური კვლევის ცენტრის დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

პროექტში 100-ზე მეტი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი ჩაერთო. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილმა განაცხადა:
„სააგენტოსთან და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან“ ერთად გაიმართა სამეწარმეო ბაზრობა, სადაც ჩაერთნენ როგორც მიკრო გრანტების ბენეფიციარები, ასევე ექსპორტზე მომუშავე კომპანიები. ეს დამატებითი შესაძლებლობაა, რომ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია, მოახდინონ მათი რეალიზებაც და მოსახლეობას გააცნონ ის კარგი პროდუქციაც, რომელიც დღეს იქმნება საქართველოში და გამოირჩევა კარგი ხარისხით“.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე და, ასევე, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონოდათ შეეძინათ ქართული ნაწარმი უშუალოდ მწარმოებლებისგან. სამეწარმეო ბაზრობა GEclose2EU-ს ფარგლებში გაიმართება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების მონაწილეობით.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ („GEclose2EU”) 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

“მწვანე ალტერნატივა” 6 საბადოს უქციონის გაუქმებას ითხოვს

თბილისი (BPI) -ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩის მოპოვების ლიცენზიაზე საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა  ამოუიწურა …