ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში შესახლება იკრძალება

თბილისი (BPI) – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი საკანომდებლო ინიციატივით, აღდგება 2009 წელს გაუქმებული ის ნორმა, რომლის საფუძველზეც, დასრულებულ მშენებლობაში, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე მოქალაქეები ვერ შესახლდებიან.

სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ საკანონმდებლო პაკეტის მომზადებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში  მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით მოწესრიგდება.

„გასულ ზამთარს ბუნებრივი აირის აფეთქების რამდენიმე მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევების შედეგად, გვყავდა დაშავებულები და დაღუპულები. საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ეს შემთხვევები მოხდა,  შესახლებული იყვნენ ადამიანები, თუმცა შენობა არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული.  ეს ნორმა 2009 წელს გაუქმდა  და სწორედ მაშინ გახდა დაშვებული ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში შესახლება. ვფიქრობ, აღნიშნული ნორმა თავის დროზე სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის მიზნით გაუქმდა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ შექმნილიყო, თუმცა უკვე ათი წელი გავიდა და იკვეთება, რომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ნორმა, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, ძალაში დავაბრუნოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ექსპლუატაციაში მიღება სამშენებლო ზედამხედველობის ის ნაწილია, რომლითაც დგინდება, რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან. სამშენებლო პროექტი კი გაცემული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

„სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვართ იმ სამართლებრივ მოცემულობაში, როცა შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა. მიგვაჩნია, რომ მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში, როდესაც მშენებლობის ახალ ნებართვებს გავცემთ, დასრულებულ შენობაში მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს მოქალაქეების შესახლება, რაც ის ექსპლუატაციაში იქნება მიღებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.  

შემთხვევითი სიახლე

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო …