ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის წარმომადგენლებმა საქართველოში შეხვედრები გამართეს 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის (SESAR) ექსპერტები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველ პირებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და SESAR-ის საჯარო-კერძო პარტნიორობის გაერთიანებას (SESAR Joint Undertaking) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაესვა საჰაერო მოძრაობის მართვის კუთხით ინოვაციური იდეების მხარდაჭერის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ევროპის წამყვან კვლევით პროგრამებში საქართველოს შესაბამისი უწყებების, სტარტაპებისა და ახალგაზრდების ჩართვის აუცილებლობას.

SESAR-ის წარმომადგენლებმა ქართული მხარისგან მოისმინეს ინფორმაცია ფრენების უსაფრთხოების და სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ეტაპობრივად ნერგავს ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებს, ხოლო „საქაერონავიგაცია“ ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს საჰაერო მოძრაობის მართვის არსებული სისტემების განახლების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. ამასთან სტუმრები გაეცნენ ტექნოპარკის ტენანტ სტარტაპების პროდუქტებს და ფაბლაბში მიმდინარე საქმიანობას.

ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის საჯარო-კერძო პარტნიორობის გაერთიანება „SESAR Joint Undertaking (SESAR JU)“ საავიაციო ინდუსტრიას და წევრ ორგანიზაციებს საჰაერო მოძრაობის მართვის კუთხით უახლოეს კვლევებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. გაერთიანება 2007 წელს, ევროკავშირისა და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ დაფუძნდა და ამჟამად ასამდე უმსხვილეს კერძო კომპანიას აერთიანებს. გაერთიანებასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროპის ერთიანი ევროპული ცის ინიციატივაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და სააერნაოსნო მომსახურების სფეროში უახლესი სტანდარტებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

შემთხვევითი სიახლე

Georgian Airways-ს ბიზნესომბუდსმენის დახმარების ეიმედება

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისების დროებით შეჩერების მიზეზს განმარტავს და ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დახმარებას …