ევროპის უმსხვილესი HR კომპანია საქართველოში კვალიფიციურ კადრებს ეძებს

თბილისი (BPI) – ქართული შრომის ბაზარი, ქართველი სპეციალისტების ევროპაში დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივები განიხილა ევროპის ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია „ტრენვალდერ გრუპის“ (Trenkwalder Group) გენერალურმა დირექტორმა, ოქტაი ერჩიაზიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Trenkwalder Group-ი საქართველოთი დაინტერესდა და ადგილობრივ მოსახლეობას ევროპაში გადამზადება-დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

Trenkwalder Group-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველო კომპანიისთვის საინტერესო ქვეყანაა მისი ახალგაზრდა, დინამიკური მოსახლეობისა და კარგი საგანმანათლებლო სისტემის გამო.

„საქართველო ჩვენთვის საინტერესოა ზუსტად ახალგაზრდა დინამიკური მოსახლეობისა და მისი მისწრაფებების გამო, ქვეყანაში მოქმედი ძალიან კარგი საგანმანათლებლო სისტემის გამო. დღეს ორი უნივერსიტეტის წარმომადგენელებს შევხვდით, ხვალ კიდევ ორ სხვას შევხვდებით. ინსტიტუციური შეხვედრებიც გვაქვს დაგეგმილი და ამ შეხვედრებიდან ძალიან კარგი წახალისება წამოვიდა“, – განაცხადა ოქტაი ერჩიაზიმ.

მისი განცხადებით, დასავლეთელი ინვესტორები ქვეყანაში პირველ რიგში პროფესიული განათლების დონეს აკვირდებიან. როგორც ერჩიაზი აცხადებს, ისინი ხელს უწყბენ  შესაბამის ინსტიტუტებს, რომ მაღალი ხარისხის პროფესიული განათლება დანერგონ.

მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს (მომვლელებს, ექთნებს) და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინრებს მიეცემათ დასავლეთში კარიერის განვითარების შესაძლებლობა. პოტენციური კადრების მოზიდვას კომპანია, როგორც წესი სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების საშუალებით აწარმოებს, რაც საქართველოში უახლოეს მომავალში დაიწყება. თუმცა მანამდე დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება Trenkwalder Group-ის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე შეუძლიათ. დასაშვებია კომპანიისთვის საკუთარი რეზიუმეს ელექტრონული ფოსტით გაგზავნაც.

დისკუსიის დროს Trenkwalder Group გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ინვესტორისთვის პირველ რიგში სწორედ ამ ტიპის განათლების ხარისხია მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ იგი საქართველოში ხარისხიანი პროფესიული სწავლების დანერგვის ხელშეწყობას აპირებს.

„როცა გერმანულ ან ავსტრიულ ბაზარს განვიხილავთ, დასაქმებულთა უმრავლესობას უნარები სწორედ პროფესიული განათლებით აქვთ მიღებული. ეს გულისხმობს როგორც კოლეჯს, ისე პრაქტიკულ განათლებას. ეს ეხება როგორც ბანკის თანამშრომლებს, ისე მექანიკურ ინჟინრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, თუ საქართველოში დასავლეთელი ინვესტორების მოზიდვა გსურთ, ისინი პირველ რიგში უყურებენ არა იმას, რამდენი უმაღლესდამთავრებული გყავთ, არამედ ხარისხობრივად რა დონის პროფესიული განათლებაა ქვეყანაში.

ყველას არ სჭირდება დიპლომი, მაგრამ ყველას სჭირდება შესაბამისი უნარი და პროფესიული სწავლება. გავიგე, რომ მთავრობის მხარდაჭერა ამ მხრივ უზრუნველყოფილია, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი გზაა, იპოვოთ სტაბილური კარგი მუშახელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ჩვენ გერმანიიდან მაგალითებს ჩამოვიტანთ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროფესიული განათლება და ხელს შევუწყობთ შესაბამის ინსტიტუტებს, რომ მაღალი ხარისხის პროფესიული განათლება დანერგონ. ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, ძალიან ბევრი კომპანიის პარტნიორები ვართ და კარგი ეკოსისტემის პირობებში მოვიწვევთ ამ კომპანიებს, რომ ამ პროცესს მხარი დაუჭირონ“, – აცხადებს ოქტაი ერჩიაზი.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

“სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელს შეღავათიან ფასად 200,000-ზე მეტ ფერმერს გადასცემს

თბილისი (BPI) – კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შეთანხმება …