დღეიდან, ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია

თბილისი (BPI) – დღეიდან, გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში  დაიბრუნონ.

დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის ახალი და გამარტივებული სისტემით დაბრუნებას დეკლარაციის ჩაბარებისთანავე. 

აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრისა და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, მოხდება ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.

დაბალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილი დეკლარაციების არანაკლებ 90% იქნება, ყოველთვიურად აისახება დღგ-ის დაბრუნების ბარათზე. მაღალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება თვის მანძილზე წარმოდგენილი დეკლარაციების 10%-ს, გადავა ხელით შესწავლის რეჟიმში.

შესწავლის შემდეგ, შესაძლებელია მოხდეს დეკლარაციით დასარიცხი თანხების კორექტირება ან დეკლარირებული მონაცემების შეუცვლელად ასახვა ,,დღგ-ის დაბრუნების“ ბარათზე.

მოთხოვნილი თანხის დაბრუნება მოხდება მეწარმის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პორტალზე (გადამხდელის პირად გვერდზე) შესაბამის ღილაკზე დაჭერით. 

აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს უპრეცედენტო რეფორმას საგადასახადო სისტემაში.

პროცესი სრულად ეფუძნება მოწინავე საგადასახადო ორგანოთა თანამედროვე გამოცდილებას და ეყრდნობა რისკზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას.

რეფორმა გასული წლის დასაწყისში დაანონსდა და მისი მოსამზადებელი სამუშაოები ერთ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

შემთხვევითი სიახლე

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის რეაბილიტაციაზე ₾1 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

თბილისი (BPI) – ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო …