გურიის ტურისტული პოტენციალზე ინფო-ტური გაიმართა

თბილისი (BPI) – გურიის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, „გურიის ტურიზმის ასოციაციის“ (TAG) ორგანიზებით გურიის რეგიონში ინფო-ტური ჩატარდა.

COVID19 პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა მოახდინა ტურიზმის ინდუსტრიაზე. საერთაშორისო ტურისტების მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობის გათვალისწინებით, ტურიზმის გამოცოცხლების პირველი ეტაპზე მნიშნველოვანი იქნება შიდა ტურიზმის სტიმულირება და ქვეყნის არსებული ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობა ქართველი ტურისტებისთვის, ტურკომპანიებისთვის. გურიის რეგიონი ძალიან კარგ ტურისტული პოტენციალს ფლობს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოყენებული და არათუ უცხოელი ტურისტებისთვის, შიდა ტურისტების და ქართული ტურკომპანიებისთვისაც ნაკლებად ცნობილი რეგიონია.

ინფო-ტურის მიზანი იყო მოცემულ რთულ ვითარებაში გურიაში არსებული ტურისტული ობიექტების/ადგილების პოპულარიზაცია და ტურ-კომპანიებისთვის  გურიის ტურისტული პოტენციალის (ეკო/აგრო ტურიზმის მიმართულება) გაცნობა.  მსგავსი ინიციატივები კერძო სექტორის მხრიდან მნიშნელოვანი ნაბიჯია, რამდენადაც ეს ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ტურიზმის სექტორზე.

ერთდღიანი ინფოტურის ფარგლებში შემდეგი ტურისტული ობიექტების მონახულება მოხდა:

  • „ვაშლები“ – მდინარე ბჟუჟის პირას არსებული კემპინგ/პიკნიკ ადგილი (გურიის კაიაკინგის ჩემპიონატის ჩატარების ადგილი) – ტურის მონაწილეებს გააცნეს აღნიშნულ ადგილთან დაკავშრიბით სამომავლო გეგმები და გაიმართა თაფლის არაყის, ფიჭის და ინოვაციური ჩაის პროდუქტების დეგუსტაცია
  • მენაბდეების მარანი / გესთჰაუზი – ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს  არსებული გესთჰაუზი, გურული ეზო თავისი საინტერესო ეთნო-ინფრასტრუქტურიტ და ვენახები.  ასევე შედგა ჩხავერის ღვინის დეგუსტაცია
  • ჩაის დეგუსტაცია კომპანია „ნაგომარში“ – ნატურლური და ბიოლგიურად სუფთა პროდუქტის/ჩაის მწარმოებელი სოფ. ნაგომარში.
  • შარაშიძეს მარანი (ბუკისციხე) – ტურის მონაწილეებმა მოინახულეს აქ არსებული გესთჰაუზი და დააგემოვნეს ნაკლებად ცნობილი ძალიან საინტერესო გურული ღვინოები (საკმიელა, სხილათუბანი, ჩხავერი და ა.შ.)
  • ინფო ტურის ბოლო ლოკაცია იყო სკიჯის სახლი (დაკა ბერძენიშვილი) – გურული სამზარეულოდ დეგუსტაცია

ინფოტური საკმაოდ საინტერესო იყო მონაწილეებისთვის და კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გურიის და აჭარის რეგიონს შორის ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობის აუცილებლობა. რამდენადაც აჭარის რეგიონი  ამ ეტაპზე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ დესტინაციას ქვეყანაში, თუ მოხდება იქ ჩასული ტურისტების   დაინტერესება გურიის ტურისტული ლოკაციებით (მაგ: 1-2 დღიანი ტური) ეს საგრძნობლად გაზრდის გურიაში ტურისტების რაოდენობას.  შესაბმისად ძალიან მნიშვნელოვანია გურიის ტურისტული პროდუქტების და ტურისტული ლოკაციების ინტეგრირება აჭარის ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებულ ტურ-პროდუქტებში და ერთობლივი პრომოუშენი/მარკეტინგი. მით უმეტეს, გურიაში არსებულ ეტაპზე უკვე არის საკმაო რაოდენოების ტურისტული ობიექტი (ღვინის მარნები, ჩაის საწარმოები, გესთჰაუზები და ა.შ.) და შესაბამისად შესაძლებელია საინტერესო ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა.

ინფო-ტურში მონაწილეობდნენ „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ (GTIA), „აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის“ (TIFA), საინიციატივო ჯგუფ „გააცოცხლე გურია“ / RAGG წარმომადგენლები.

 

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდიატი ცნობილია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფულბრაიტის წლევანდელი სტიპენდიატი უკვე ცნობილია და ის გუგა ბურდულია. გუგა …