გერმანიაში, ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, აქტიური მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველო – გერმანიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკურ ატაშესთან, სარა ციელონკასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელთან ლიდია კრისტმანთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია წლების მანძილზე უწევს საქართველოს, როგორც ტურიზმის სფეროს განვითარების, ასევე პერსპექტიული ტურისტული მიმართულების საერთაშორისო აღიარების მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, გერმანიაა საქართველოსთვის სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. მისი თქმით, წლების განმავლობაში გერმანიიდან ტურისტული ნაკადები მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა.

„ჩვენ დიდი ძალისხმევა და რესურსი გავიღეთ, რათა გერმანიაში საჰაერო მიმოსვლა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული ყოფილიყო. პანდემიის პერიოდი ჩვენ გამოვიყენეთ წარმატებული მოლაპარაკებებისთვის სხვადასხვა გერმანულ ავიაგადაზიდველებთან და უკვე დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ აქტივობების შედეგით გაიზარდა იმ გერმანული ქალაქების რაოდენობა, საიდანაც საქართველოში პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არსებობს და უახლოეს მომავალში გვექნება. მაგალითად, შარშან საქართველოში შემოსულმა „ევროვინგსმა” წელს რეგულარული რეისების რიცხვს შტუტგარტი – თბილისის მიმართულებაც დაუმატა. ასევე წელვე წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება კიდევ ერთ გერმანულ ავიაკომპანიასთან „კონდორ ეარლაინთან”, რომელიც მალე დაიწყებს ოპერირებას გერმანიიდან საქართველოში,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, სწორედ პირდაპირი ავიამიმოსვლის ზრდა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გერმანიიდან ტურისტული ნაკადები პანდემიანდელ მონაცემებს სწრაფად უბრუნდება.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გერმანელი ტურისტები გამოირჩევიან მაღალ მხარჯვეუნარიანობით და ტურისტული პროდუქტების მოხმარების მრავალფეროვნებით, კერძოდ, ისინი, ტრადიციულად, საქართველოში ვიზიტისას სტუმრობენ რამდენიმე მიმართულებას, ინტერესდებიან სათავგადასავლო და ეკო ტურებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა რეგიონული ტურისტული სექტორისთვის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს დაგეგმილი აქვს მარკეტინგული აქტივობის გაზრდა გერმანიისა და ზოგადად ევროკავშირის ტურისტულ ბაზარზე, რათა საქართველოს ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს. „ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს ინტეგრირდნენ გერმანიის ბაზარზე,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დინამიკას განსაკუთრებით გაზრდის საქართველოს პარტნიორობა მსოფლიოს ერთ-ერთ მსხვილ ტურისტულ გამოფენასთან ITB Berlin, რომლის მასპინძელი ქვეყანა 2023 წელს საქართველო იქნება. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის და ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაც, რადგან ITB Berlin-ში, ყოველწლიურად, 10 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი და მთელ მსოფლიოში 17 მილიონ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს და დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა. „ამ გამოფენასთან თანამშრომლობა საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთ წარმოაჩინოს დარგის პრიორიტეტული მიმართულებები, ეს არის უმოკლესი გზა, დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველო არის უსაფრთხო და მრავალმხრივ საინტერესო ტურისტული მიმართულება,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო და გერმანიის განაგრძობენ თანამშრომლობას ტურიზმის დარგის მხარდაჭერის კუთხით, რათა ხელი შეეწყოს არა მხოლოდ უფრო მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას გერმანიიდან, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ადგილზე მომსახურების ხარისხიც, რაც აუცილებელი პირობაა საქართველოში მაღალ მხარჯვეულნარიანი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …