გაეროს ბავშვთა ფონდი ორსულებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

თბილისი (BPI) – გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე მყოფ დაახლოებით 26000 ორსულ ქალს სთავაზობს გინეკოლოგებთან ვირტუალურ კონსულტაციებს. 2020 წლის ივნისიდან დღემდე, წამყვანმა ექიმებმა ონლაინ კონსულტაციები ჩაუტარეს 5000 ზე მეტ ორსულს. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ორსულ ქალებს, დარეგისტრირდნენ და სატელეფონო ზარით მოწვევის შემდეგ გამოიყენონ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ვირტუალური სეანსების მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შერბილება. დისტანციური ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში ექიმი თითოეული ქალის შეკითხვას პირადად გამოეხმაურება. ვირტუალური პლატფორმების გამოყენებით სეანსებში 25-მდე ორსული ქალი  ჩაერთვება და ისინი შეძლებენ ორსულობასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ახალი და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას ექიმისა და სხვა ორსულებისაგან.

„ორსულობა განსაკუთრებული პერიოდია, რომელიც აღსავსეა დადებითი განცდებითა და მოლოდინით. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მომავალი დედების ამ სხვა მხრივ ბედნიერ პერიოდს დაერთო შიში, შფოთვა და გაურკვევლობა“, ამბობს დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „გაეროს ბავშვთა ფონდმა აღნიშნული ონლაინ კონსულტაციები წამოიწყო სანდო ინფორმაციის საჭიროებაზე რეაგირების მიზნით; ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ორსულ ქალს, ჩაერთონ სეანსებში და მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები საკუთარი თავისა და თავიანთი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, დასძინა ხალილმა.

პროექტის საწყის ფაზაში ჩაერთვებიან კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში — მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში — მცხოვრები ქალები, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იყო დაწესებული.

ამ სეანსების მეშვეობით ორსული ქალები მიიღებენ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხის სესია. თითოეულ მონაწილეს შეუძლია შეკითხვის ანონიმურად დასმა, ექიმის პასუხებს კი მოისმენს ყველა მონაწილე.

პროექტი ხორციელდება გაეროს ერთობლივი ფონდების მხარდაჭერით. პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე განვითარდება ტელემედიცინის პროგრამა დაბალრისკიანი ფეხმძიმობებისათვის, რომელიც საქართველოში ანტენატალური ზრუნვის ახალ მოდელად მოგვევლინება.

შემთხვევითი სიახლე

500 Startups – მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ პროგრამის დემო დღეს უმასპინძლეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში  წამყვანი …