ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA-ს ჩატარება აუცილებელია

თბილისი (BPI) – „ბიზნესომბუდსმენის აპარატი სრულად იზიარებს ბიზნეს ასოციაციის პოზიციას შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების  განხილვებში აქტიურად  ვართ ჩართულები. ბიზნესთან ერთად შევიმუშავეთ და მოვამზადეთ შენიშვნები და წინადადებები, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუგზავნით კანონპროექტის ავტორებს.“  – ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონდებლო ცვლილებებს და ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებას.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებები, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნეს გარემოსთვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს.

„მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებები შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. დღეს არსებული კანონის პროექტებში ასახული რეგულაციები ისეთ საკითხებზეც ვრცელდება,  რომლებზეც დამსაქმებელსა და დასაქმებულის შორის შეთანხმება საკმარისია და არ საჭიროებს დამატებით რეგულირების მექანიზმებს. ჩვენ ვთვლით, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების პარლამენტში დაინიცირებამდე  აუცილებელია  ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA). ცვლილებების დაინიცირებამდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა ეფექტი ექნება ამას ეკონომიკურ საქმიანობაზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად გადაწყვეტილების მიღება.” – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსზე – 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი – 17 შენიშვნა – წინადადება აქვს, რომლის მიხედვითაც კანონის პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიან შრომით ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ხშირი, ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერები. მნიშვნელოვანია კანონში დეტალურად გაეწეროს შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები. ასევე, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაო ადგილზე შრომის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დამწერ პირთა წრე (ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლებამოსილება), დაუშვებელია შრომის ინსპექციას მიეცეს უფლება, განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება განუსაზღვრელი ვადით. შრომის ინსპექტორს უნდა შეეზღუდოს„გამოკითხვის“ ჩატარების უფლება. კანონში უნდა განისაზღვროს ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქული/ამოღებული დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების თუ მასალის დამსაქმებლისთვის უკან დაბრუნების ვადები. დაუშვებელია, შრომის ინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …