ბიზნესი მთავრობისგან სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს

თბილისი (BPI) – ბიზნესგარემოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკითხი -აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ და საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. გასულ კვირას კი, პრემიერმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ. პრემიერის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უკვე მიმდინარე კვირაში მიიღებს.
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე პირველ რიგში პროგნოზირებადი ბიზნესგარემოსა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის თემების განხილვას აპირებს. მისი აზრით, ამ ორი მთავრი ფაქტორის გარეშე ეკონომიკის სწრაფი ზრდა რთული იქნება. მისი განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროგნოზირებადი გარემო იყოს. ყველა – წარმოება იქნება ეს თუ ინვესტიცია, ყველა პროგნოზირებად გარემოს ელოდება.

„როდესაც ქვეყანაში ინვესტიცია მოდის ან წარმოება რაღაცას გეგმავს, მისთვის აუცილებელია იცოდეს, მისი პროდუქცია როგორ შეიძლება განვითარდეს ბაზარზე გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, დგას ლარის კურსის თემა, რომლის სიმყარე აუცილებელია. ეს ორი გამოწვევა ყველას ეხება. ასევე, როდესაც კანონების მიღება ხდება, საჭიროა ბიზნესთან კონსულტაცია“, – განაცხადა სილაგავამ.

მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი მთავრობისაგან სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასაც ითხოვს, როგორც ეს განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში ხდება. სილაგავას განმარტებით, ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებზე ხუთი მილირდი ლარია გამოყოფილი, რაც საკმაოდ სერიოზული თანხაა.

მისი განცხადებით, თუ ტურიზმიდან სამი მილიარდი გვინდა შემოვიდეს, ამ დროს დევს სახელმწიფო ტენდერებისთვის გამოყოფილი ხუთი მილიარდი ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იხარჯებოდეს ადგილობრივ წარმოებაში ოღონდ კონკურენტულ გარემოში, ისეთ პროდუქციაში, რომელიც კონკურენტული იქნება უცხოელთან მიმართებაში.

„როდესაც ბატონი პრემიერი ეკონომიკის მინისტრი იყო, მაშინ სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის იდეა პროექტად იდო და თითქმის გასული იყო. მერე რატომღაც შეჩერდა. ოღონდ, ეს ისე არ გავიგოთ, რომ ეს სასათბურე პირობებს გულისხმობდა. ეს იყო სრულიად აპრობირებული ევროპული მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარ ტენდერებში საკუთარ სახელმწიფოში ადგილობრივი წარმოება განავითაროს. შესაბამისად, მისგან მიღებული შემოსავლით სამუშაო ადგილები შექმნას და ბიუჯეტში შენატანებით ვალუტა გაამყაროს. ამ შემთხვევაში, იმპორტიორები, ვისაც დღეს რაღაც პროდუქცია შემოაქვთ, შეიძლება დაფიქრდნენ, ხომ არ აწარმოონ იგივე პროდუქცია ადგილზე“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი ინფორმაციით, პრობლემებს ქმნის კომუნიკაციის პრობლემა თავად აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის.

„არის ასევე მთავრობასთან კომუნიკაციის თემა. როდესაც გადაწყვეტილების მიღების დროს მაგალითად ეკონომიკური ბლოკის სხვადასხვა სამინისტროები – ეკონომიკის, ფინანსთა თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რაღაც საკითხებს სხვადასხვანაირად უყურებენ. ამ დროს ერთი ფანჯრის პრინციპი კი არ მოქმედებს, ბიზნესს სხვადასხვა სამინისტროში სიარული უხდება, რომ თავის პროექტზე თუ რაღაცა შეხედულებაზე პასუხი მიიღოს“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია განმარტავს, რომ ნომერი პირველი დავალება არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრისთვის, არამედ სახელმწიფოს ყველა მესვეურისთვის არის სტაბილური ლარი.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე პირველ რიგში ისევ ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის საკითხს დააყენებს, რადგან მის სექტორში ლარის რყევა ყველა მთავრი გამოწვევაა.

„ჩემთვის, როგორც დისტრიბუტორთან ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელისთვის, სადაც მრავლად არიან იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად არიან მობმული ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგო, საერთოდ როგორ ესმის მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მყარი ლარი რა არის. ვერ გავიგე, ლარის მყარი კურსი რა არის. თუ დასტაბილურებაზეა საუბარი და სტაბილურად შევინარჩუნებთ ამ კურსს, ალბათ უფრო სწორი იქნება და ნუ მოვატყუებთ ნურც ბიზნესსექტორს და ნურც მოსახლეობას. რადგანაც, სახელმწიფო ბიუჯეტი დათვლილია 2.98 -ზე და რა უნდა დაასტაბილურო? მაშინ თქვან, რომ ლარის კურსი ახლა არის სტაბილური და საახალწლოდ ჩამოწევენ. მაშინ ეს მიმართულება უნდა აიღონ“, – განაცხადა ჭყონიამ.
მისი განმარტებით, ლარის სწრაფი გაუფასურების პირობებში გრძელვადიანი გეგმის დათვლა შეუძლებელია, არადა დისტრიბუციის სექტორში ვალუტის კურსი მთავარი ფაქტორია, რადგან ფასების ეტაპობრივ ცვლილებას იწვევს და ბიზნესს აბნევს. ამიტომ, სახელმწიფოს მესვეურებმა პირველ რიგში ლარის რყევის პრობლემა უნდა მოხსნან.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკაში არის დისტრიბუცია და აქ ლარის ფაქტორს მთავარი განმსაზღვრელი როლი ენიჭება. ამიტომ, ნომერ პირველი დავალება არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრისათვის, არამედ სახელწმიფოს ყველა მესვეურისთვის არის ის, რომ ლარი იყოს სტაბილური. თუ ლარის სტაბილურობა შესაძლებელი იყო და ეს თავის დროზე არ გააკეთეს, ეროვნულმა ბანკმა ისე არ იმოქმედა, როგორც ეხლა მოქმედებს, მაშინ ეს არის დანაშაული და პასუხი უნდა მოვთხოვოთ“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

შემთხვევითი სიახლე

სავალუტო რეზერვები შემცირდა – პრიორიტეტი, დროებით, ინფლაციაზე კურსიდან წნეხის შეკავებაა

თბილისი (BPI)  – საქართველოს სარეზერვო აქტივები შემცირდა. 1 ოქტომბრისთვის $3.6 მლრდ-ია (01.09.2019- $ 3.696 მლრდ). …