აზერბაიჯანთან გვაკავშირებს არა მხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში – თურნავა

აზერბაიჯანთან ჩვენ გვაკავშირებს არა მხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის საკითხი.

„კარგია, რომ კომისია ჩატარდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ათი წელია არ ჩატარებულა და ახლა ჩავატარეთ. ეს მოასწავებს იმას, რომ ორივე მხარე მზად არის, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის მეტი ინტენსიფიკაცია მოხდეს.

განვიხილეთ თუ როგორ გავზარდოთ ურთიერთ სავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ქართული ექსპორტი აზერბაიჯანში. ეს შეეხება საცემენტო, ასევე მეტალურგიის პროდუქციას, ასევე სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის პროდუქციას. ვსაუბრობდით იმაზე, რომ იყოს თანაბარი, არადისკრიმინაციული მიდგომები და ეს აბსოლუტურად პოზიტიურად არის აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან, რადგან, ჩვენ გვაკავშირებს არა მხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში.

იყო საინტერესო საუბრები ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ურთიერთობების უფრო მეტად გაფართოებაზე. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანი არის ჩვენი ნომერ პირველი მიმწოდებელი როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმები შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტის განვითარების შესახებ, რითაც ჩვენ ევროკავშირის ბაზარს მივუერთდებით და დავპატიჟეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღონ. ისინი დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …