წყნეთი-ბეთანიის გზა გაიხსნა

თბილისი (BPI) – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული გზის მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობისთვის  გადაადგილება გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. დასრულებული გზა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია. აღნიშნული გზის რეაბილიტაციაზე ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები.

  • გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. ეს მეთოდი აქამდე არ იყო საქართველოში აპრობირებული და ევროპიდან იქნა გადმოტანილი.
  • დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად დაიკეტება.
  • მშენებლობის პროცესში გამოკვლეული იქნა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიაზრება სეისმური ბიძგები 8 ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. მოხდა კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება  29 მილიონ ლარს სცდება. ამ გზის რეაბილიტაციას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …