უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა

თბილისი (BPI) – სტუდენტების ინტერესების დაცვის მიზნით, უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა, –  ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნატქვამია, რომ ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სოციალურ ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას.

“სისტემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებისათვის თანაბარი საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველსაყოფად, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში. უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების მობილობის წესით გადმოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი წინა პირობა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება როგორც შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სემესტრში მობილობის უზრუნველსაყოფად,” – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო მოუწოდებს აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ნუ ენდობიან კერძო კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაცია და აბიტურიენტებს სთავაზობენ საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოეთის უნივერსიტეტებიდან სტუდენტების საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გადმოსვლის შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით, რაც დადგენილია როგორც ბოლონიის პროცესის მობილობის წესებით, ასევე, სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში.

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …