უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვება მკაცრდება

თბილისი (BPI) – მთავრობამ მხარი დაუჭირა ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმის შემოღებაა. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ცვლილებები უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენების აღმოფხვრას ისახავს მიზნად და საქართველოში მყოფი უცხოეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ, ხელოვნურად შექმნან სამართლებრივი საფუძველი ქვეყანაში დასარჩენად:

• არალეგალის მიერ თავშესაფრის მოთხოვნა აღარ ჩაითვლება საქართველოში ლეგალურად ყოფნად ბინადრობის ნებართვის მიღებისათვის;
• თუ მიღებულია უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, მას სასამართლოში საქმისწარმოების მოტივით საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება;
• საქართველოში ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე;
• შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა С კატეგორიის ორდინარული ვიზის საფუძველზე. გამონაკლისი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის განკუთვნილი სპეციალური ბინადრობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის განკუთვნილი დროებითი ბინადრობის ნებართვა.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს.

12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 წელია. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა. კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გაეგზავნა.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …