თურქეთი რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების მიჯნაზე

თბილისი (BPI) – 18 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. უფრო ადრე, მსგავსი ინიციატივით გამოვიდა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერი, დევლეთ ბაჰჩელი, რომელიც შეხვდა პრეზიდენტს და ის არჩევნების თარიღის გადმოწევაზე დაითანხმა. არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერის ნაცვლად, მიმდინარე წლის 24 ივნისს გაიმართება. თურქული პოლიტიკისათვის დამახასიათებელი სიმბოლიზმიდან გამომდინარე, დევლეთ ბაჰჩელისთვის სასურველი თარიღი 26 ივნისი იყო, რადგან ამ დღეს თურქეთში მანასკერტის ბრძოლაში გამარჯვებას აღნიშნავენ.

24 ივნისის არჩევნების შემდეგ, თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადავა. საკონსტიტუციო ცვლილებებს თურქმა ამომრჩეველმა 2017 წლის აპრილის რეფერენდუმზე დაუჭირა მხარი. აღნიშნული რეფერენდუმის საფუძველზე უქმდება პრემიერ მინისტრის პოსტი და იზრდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. რეფერენდუმზე ერდოღანის გამარჯვება დიდწილად ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) მხარდაჭერამ განაპირობა. დახმარების სანაცვლოდ ბაჰჩელს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზეს.

საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობას და აუცილებლობას პრეზიდენტი ერდორანი კრიზისებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების საჭიროებით ხსნის. მისივე თქმით, საპრეზიდენტო რესპუბლიკაში უკეთესად იქნება დაცული კონტროლისა და ბალანსის პრინციპი, თუმცა, ერდოღანის ავტოკრატიულობისკენ გადახრილი მმართველობიდან გამომდინარე, ამ პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით თურქეთის პოლიტიკის მცოდნეებს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები უჩნდებათ.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც პრეზიდენტმა ერდორანმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა:

1.თურქეთი სირიაში აწარმოებს სამხედრო ოპერაციას „ზეთისხილის რტო“, რომლის მთავარი მიზანია ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და დემოკრატიული ერთიანობის პარტიის (PYD) განადგურება თურქეთის საზღვართან ახლოს მიმდებარე ქალაქებსა და სოფლებში. ამ მხრივ, მთავარი წარმატება თურქეთის არმიისა და სირიის თავისუფალი არმიის მიერ ქალაქ აფრინის დაკავება იყო. სირიაში თურქეთის მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას ქურთული წარმონაქმნების გაერთიანება, რადგან ანკარაში თვლიან, რომ ნებისმიერი ქურთული ტერიტორიული ერთეული რეგიონში საფრთხეს შეუქმნის თურქეთს (თურქეთის მოსახლეობის 15% – მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში – ეთნიკურად ქურთია). აფრინის ოპერაცია მოქალაქეებში ნაციონალისტურ განწყობებს თავისთავად აღვივებს, რაც ამომრჩეველში ხელისუფლების მხარდაჭერას ზრდის.

2. მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გარკვეულ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია, უმუშევრობა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება, რაც ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობით, რეგიონში მიმდინარე ომებით და მთავრობის გაზრდილი ხარჯებით არის გამოწვეული.

3.საგანგებო მდგომარეობა – 2016 წლის არშემდგარი გადატრიალების შემდეგ, მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, მთავრობა უკვე მეშვიდედ აგრძელებს საგანგებო მდგომარეობას. ოპოზიციის აზრით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარება ეჭვქვეშ დგება.

4.მიუხედავად იმისა, რომ AKP-ს და MHP ამომრჩევლის 51 პროცენტამდე მხარდაჭერა აქვთ, მათი რეიტინგი დღითიდღე ეცემა. თურქეთის ოპოზიცია გახლეჩილია (იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, თუ სეკულარული სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულების კუთხით). მართალია, რამდენიმე ოპოზიციური პარტია გაერთიანდა, თუმცა, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმების თვალსაზრისით ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

სამართლიანობის და აღოძინების პარტია ფრთხილად ადევნებს თვალს მერალ აქშენერის ახალ შექმნილ პარტიას (Iyi – კარგი პარტია), რომელიც თანდათან ძლიერდება და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიას 100000 ხელმოწერის შეგროვება სჭირდება. IYI იმით იზიდავს ამომრჩეველს, რომ იდეოლოგიურად ახლოსაა როგორც ნაციონალოზმთან, ისე ქემალიზმთან. „კარგი“ პარტია ამ ეტაპზე ერთადერთია, რომელიც შესაძლოა სერიოზულად დაუპირისპირდეს მმართველ ძალას.

რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ ძალას, სახალხო რესპუბლიკური პარტიას (CHP), ის წლებია ვერ ახერხებს არჩევნებში გამარჯვებას, რაც მის მიმართ არსებული უნდობლობით, ქარიზმატული ლიდერების ნაკლებობით და მოქალაქეებში სეკულარიზმის მიმართ მხარდაჭერის კლებით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში პარლამენტმა მიიღო რამდენიმე კანონი, რომელიც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს საეჭვოს ხდის. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიდან გამომდინარე, საარჩევნო უბნებში ყუთებთან მობილიზებული იქნებიან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ყუთების სხვადასხვა უბნებზე გადატანის უფლებაც ექნებათ.

არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ 24 ივნისს ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში თურქეთის სეკულარული და დემოკრატიული მომავალი კითხვის ქვეშ დადგება. არჩევნების თარიღის გადმოტანა დასავლეთში სკეპტიკურად და კრიტიკულად შეფასდა. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება თურქეთის ევროპული პერსპექტივა.

ამ ეტაზე რთულია არჩევნების შესაძლო შედეგების წინასწარმეტყველება, რაც ამომრჩევლებში არსებული გაურკვევლობით და გადაუწყვეტელტა მაღალი პროცენტით აიხსნება – ერთ მხარეს კარგად ნაცნობი, მაგრამ ავტოკრატი ერდოღანია, ხოლო მეორე მხარეს გახლეჩილი ოპოზიცია, რომელიც მისაღებ ალტერნატივას ვერ სთავაზობს ამომრჩეველს.

ავტორი: ქამრან მამედოვი

“საქართველოს უნივერსიტეტთან” არსებული საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (ACIP)