თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სავაჭრო და კრიმინალური გარიგებების არენას დაემსგავსა

თბილისი (BPI) – “თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სავაჭრო და კრიმინალური გარიგებების არენას დაემსგავსა,” —  ასეთ შეფასებას აძლევს ფაკულტეტზე შექმნილ ვითარებას თსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი რექტორის გიორგი შარვაშიძის, განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის სახელზე გავრცელებულ ღია წერილში, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო მარიამ, ბატონო მიხეილ, ბატონო გიორგი.

საქმე ის არის, რომ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, სამწუხაროდ, მართლაც სავაჭრო და კრიმინალური გარიგებების არენას დაემსგავსა და შექმნილი ვითარება ვეღარ იძლევა სასწავლო პროცესის თსუ-სთვის ჩვეულ და მისაღებ ფორმატში გაგრძელების და სტუდენტებისთვის ხარისხიანი, განვითარებაზე ორიენტირებული განათლების მიწოდების საშუალებას.

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენთვის სულ ერთი არ არის, თუ რა ხდება რეალურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ წამყვან ფაკულტეტზე. შექმნილი კრიტიკული ვითარების თაობაზე ინფორმაციის ფლობა და პრობლემის დაძლევაც, ვფიქრობთ, ჩვენთან ერთად, თქვენი ამოცანაცაა.

საჯაროდ მოგმართავთ, რამდენადაც ოფიციალური და აკადემიური არხებით მოწოდებულმა ინფორმაციამ, როგორც ჩანს, სათანადო სიმწვავით თქვენამდე არ მოაღწია, რადგან დღემდე ვერ მივიღეთ ადეკვატური გამოხმაურება.

ფაქტია, თსუ–ში კონკურსებით აკადემიური პერსონალის შერჩევის წესებმა, მოცემული დროისათვის, ძალაუფლების მქონე კონკრეტული თანამდებობის პირების (ან მათი გავლენის ქვეშ მოქცეული) ჯგუფს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მისცა. ეს გადაწყვეტილებები არ იძლევა უნივერსიტეტში თაობათა ჯანსაღი ცვლისა და კეთილსინდისიერი მეთოდებით კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. ფაკულტეტის ხელმძღვანელობა და „რუხი კარდინალები“ ბინძური მეთოდებით ახერხებენ და ერთმანეთს უპირისპირებენ პერსონალს, სტუდენტთა თვალში ფაკულტეტს, შესაბამისად, უნივერსიტეტს ელახება რეპუტაცია, ვეღარ ხერხდება გუნდური მუშაობა და ცოდნის გაზიარება. სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის მაღალ ხარისხზე და წარმატებაზე ორიენტირებაზე საუბარი ზედმეტია.

ეს ყოველივე შექმნა იმან, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის ჩატარების პროცესში არ იყო დაცული საჯაროობის, ღიაობის, გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპები. შედგა ფარული გარიგებები და მთელი ეს პროცესი ატარებდა კლანურობის ნიშნებს.

გეტყვით პირდაპირ და გასაგებად – ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე 2018 წლის 30 მარტს აირჩიეს თანამდებობაზე. ეს არჩევნები იყო სწორედ მთავარი ფარსი, რასაც მოჰყვა შემდგომში ფაკულტეტზე ვითარების „დალაგების“ პროცესის დაწყება. ღაღანიძე თავის მხრივ წარმოადგენს აკადემიური საბჭოს წევრის, აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ინტერესებს. სწორედ ეს დუეტი, რამდენიმე დაქვემდებარებულ და გვერდით მდგომ პერსონასთან ერთად დირიჟორობს შანტაჟისა და ძალადობის არსებულ სქემას ფაკულტეტზე.

სილაგაძე-ღაღანიძემ იმგვარად დააკომპლექტეს აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის საკონკურსო და სააპელაციო კომისიები, რომ მათი წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ან პირდაპირ იყო დამოკიდებული „მბრძანებლების“ ნებაზე, რამდენადაც ექვსთვიან-ერთწლიან პერიოდში თავად უწევდათ კონკურსზე გასვლა, ან მათი კვალიფიკაცია და კომპეტენცია მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ სილაგაძე-ღაღანიძის დუეტის ნების უსიტყვო შემსრულებლები და გამფორმებლები არიან. კომისიის წევრების გვარების, რეგალიების და შესაბამისობის კრიტერიუმების ჩამოთვლით აქ არ გადაგღლით (ზოგიერთის შემთხვევაში წარსულში თაღლითობაზე ნასამართლეობასთან გვაქვს საქმე, ზოგიერთების შემთხვევაში გამოხატულ ინტერესთა კონფლიქტთან თუ საკონკურსო კომისიის წევრობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებთან შეუსაბამობასთან). დაინტერესების შემთხვევაში, რაც თქვენი ვალდებულებაცაა, საკუთარ კორესპონდენციებში იოლად მოიძიებთ ჩვენს წერილებს, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი და მოთხრობილი ყოველივე.

სამწუხაროდ, საკონკურსო პრობლემების უნივერსიტეტის შიგნით გადაჭრის რესურსი, ვფიქრობთ, ამოწურულია, სისტემა ითხოვს დაუყოვნებლივ, ფუნდამენტურ რეფორმებს.

არასამართლიანი, სუბიექტური, უთანასწორო და მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით ჩატარებული კონკურსის მიღმა დარჩენილებმა რამდენჯერმე უკვე მოგმართეთ ბატონო რექტორო თქვენ და აკადემიურ საბჭოს, რათა არ დაგემტკიცებინათ კომისიის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, უშედეგოდ.

ფაკულტეტზე არსებული უმძიმესი გარემოს გამოსასწორებლად და საკუთარი უფლებების აღსადგენად უკვე მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და იმედი გვაქვს, თავის გადაწყვეტილებაში, სასამართლო რეალურად შეაფასებს ვითარებას.

მანამდე, კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, მოგმართავთ და კატეგორიულად მოვითხოვთ დეკანის არჩევნებისა და საკონკურსო კომისიების შედეგების ბათილად ცნობას. ხელახალი არჩევნების და შემდგომ ხელახალი კონკურსის ჩატარებას.

სხვა შემთხვევაში, ყველანი ერთად მივიღებთ ვითარებას, როცა ფაკულტეტი რეტროგრად ერთეულად ჩამოყალიბდება და როცა სტუდენტებისთვის ცოდნის გაზიარება და უმაღლესი ეკონომიკური განათლების მიცემა ოცნების სფეროც აღარ იქნება.“, – ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ეკონომიკის დოქტორები: ეკატერინე გულუა, თეა კასრაძე, დავით ნიჟარაძე, ნინო პაპაჩაშვილი, გიორგი შიხაშვილი, ეკა ჩოხელი, ავთანდილ ჩუთლაშვილი, ვახტანგ ჭარაია.

commersant.ge

 

შემთხვევითი სიახლე

კრაზანამ სკები გაანადგურა

თბილისი (BPI) – ფუტკარს  დასავლეთ საქართველოში  კრაზანა (Vespula Vulgaris) შეესია.  ოჯახების განადგურების მიზეზების შესასწავლად სპეციალიზტები …