თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს ეწინააღმდეგება. არასამთავრობო ორგანიიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კანონის შესუსტებას და დისკრედიტაციას ემსახურება.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საღი აზრი ვერ იმარჯვებს.

“კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების ზოგიერთ პუნქტს, რომელთა მიხედვით თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, ვეწინააღმდეგებით სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მოთხოვნით, მოწევის დაშვებას იმ შენობებში, სადაც სათამაშო ბიზნესია განთავსებული და ასევე მოწევის დაშვებას თეატრში, სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს.

ცვლილებების პროექტის ინიციატორები და მათი მხარდამჭერები ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ კაზინოებში მოწევის დაშვებამ არათანაბარკონკურენტულ გარემოში ჩააყენა სათამაშო ბიზნესის სხვა მიმართულებები, რამაც თურმე მათი კლიენტურის სამორინეებში გადინება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ კანონი ძალაშიც კი არ იყო შესული, როდესაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ამ პრეტენზიით პარლამენტს მიმართა. დიახ, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ პარლამენტს პირველ მაისამდე, კანონის აღსრულების დაწყებამდე შესჩივლა, კაზინოები კლიენტურას გვართმევენო. იმ დროისთვის შეუძლებელია კონკურენციის ნორმა დარღვეულიყო და ამის გამო კლიენტურას, თუნდაც სლოტკლუბიდან სამორინისკენ, კაზინოებისკენ აეღო გეზი. მეტიც, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა შესაბამისად დადასტურდება, რომ კანონის აღსრულების შემდეგ დაირღვა კონკურენციის ნორმები. არ არსებობს არანაირი დაკვირვება, სტატისტიკა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამორინეები, კაზინოები განლაგებულია მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, თუნდაც სათამაშო აპარატების სალონები კი, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი და გამორიცხულია, მოთამაშეები იმის გამო, რომ ერთდროულად ეთამაშათ და მოეწიათ კიდეც, ბათუმის და თბილისის სამორინეებში წასულიყვნენ, რადგან კაზინოებში მოწევა დაშვებულია.

როდესაც სათამაშო ბიზნესის პრეტენზიები გახმოვანდა, ჩვენმა ორგანიზაციამ პარლამენტს მიმართა, აეკრძალათ მოწევა კაზინოებშიც, რითაც ვითომდა არაჯანსაღი კონკურენციის პრობლემაც გაქრებოდა და კაზინოებში მომსახურე პერსონალის სასიცოცხლო და კონსტიტუციით მიკუთვნებულ უფლებას დავიცავდით. სამწუხაროდ, პარლამენტმა გაუგებარი მიზეზების გამო ჩვენი ინიციატივა არ დააკმაყოფილა.

ალოგიკურია და ჭირვეულობას ჰგავს ზოგიერთი პარლამენტარის მხრიდან თეატრებში სპექტაკლებზე თამბაქოს ნაწარმის გამოყენების მოთხოვნა იმ მოტივით, რომ თურმე, თამბაქოს ნაწარმის ბოლის გარეშე რეჟისორი სცენაზე საკუთარ ჩანაფიქრს სრულფასოვნად ვერ წარმოადგენს. გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ამ მოთხოვნის უკან დგას თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც უკვე წლებია აფინანსებს ზოგიერთ ქართულ თეატრს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ შეიძლება გამოიყენოს ქართველმა რეჟისორმა უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული რეკვიზიტები, რომელთა საშუალებით მათი უცხოელი კოლეგები წარმატებით ახერხებენ მოწევის უზუსტეს იმიტაციას და არანაირ ზიანს არ აყენებენ მსახიობებს (რომლებიც იძულებული არიან მთელი სპექტაკლის განმავლობაში ეწეოდნენ) და მაყურებელს, რომელიც თეატრში ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად მიდის და არა ჯანმრთელობის დასაზიანებლად. კატეგორიულად მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონში ცვლილება საჭირო არ არის.

სამწუხაროდ, უკვე განვლილი საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე ვშიშობთ, რომ დღეს, პარლამენტში კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერენ ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურად დამანგრეველ სათამაშო ბიზნესს და თამბაქოს ინდუსტრიას, რითაც დაიწყებენ ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ყველაზე პოპულარული კანონის შესუსტებას და დისკრედიტაციას.
სამწუხაროდ, უამრავი ფაქტორი გვაიძულებს გონივრული ეჭვი ვიქონიათ, რომ პარლამენტი იქცევა არა როგორც საზოგადოების ინტერესების გამტარებელი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, არამედ როგორც საკუთარი ბიზნეს ინტერესების დამცველი სუბიექტებისგან შემდგარი ძალაუფლების ორგანო, სადაც პირადი ინტერესების დასაცავად ხმის მიმცემი უმრავლესობის გადაბირებას ახერხებენ. დასანანია, რომ ცალკეული დეპუტატების პროტესტი უდაბნოში მღაღადებლის პოზიციად რჩება და იქ, სადაც საზოგადოების კეთილდღეობისთვის უნდა იქმნებოდეს რეგულაციები, საღი აზრი ვერ იმარჯვებს.
ვიმედოვნებთ, პარლამენტში ესმით, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის დისკრედიტაციის მხარდაჭერის შემთხვევაში მიიღებენ, არამხოლოდ ცალკეული არასამთავრობო და სამედიცინო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების 85%-ზე მეტის პროტესტს, იმ ხალხის პროტესტს, ვინც პირველი მაისიდან კანონს იცავს და შიდა სივრცეში სუფთა ჰაერის მნიშვნელობას და აუცილებლობას აღიარებს” – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

 

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …