თამბაქოს ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ეწინააღმდეგება

თბილისი (BPI) –  პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტი თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს დღეს, 14:00 საათზე განიხილავს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პარლამენტში განხილვების დაწყებას ეწინააღმდეგება და პარლამენტარების ქმედებს “ბიზნესის მფარველების შეკვეთას” უწოდებს.

„სამწუხაროდ, ცვლილებათა პროექტის კომიტეტებში განხილვის დაწყებას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა უმსგავსობას, კერძოდ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დეპუტატების მანდატს ამოფარებული, საკუთარი ბიზნესის მფარველების შეკვეთას განიხილავს. ამ ჟესტით პარლამენტი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საზოგადოების მოთხოვნები და ინტერესები, არამედ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოში კერძო ინტერესების დაცვის მიზნით გამაგრებული სუბიექტების შეკვეთები. აღსანიშნავია, რომ ცვლილებათა პროექტის თანახმად, ცდილობენ დააკმაყოფილონ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მოთხოვნა, მოწევა არამხოლოდ კაზინოებში, ნებისმიერ სათამაშო სახლში დაიშვას. ამ მოთხოვნის უკან დგას დეპუტატის მანდატს ამოფარებული მევახშე ისკო დასენი, რომლის ვაჟი კნიაზ დასენი კომპანია „კრისტალბეთის“ სერიოზული წილის მფლობელია, ამავე დროს, „კრისტალბეთი“ სწორედ იმ ასოციაციის წევრია, რომლის მოთხოვნითაც საკანონმდებლო ცვლილების პროექტი მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა რატომღაც არც კი განიხილა თამბაქოს კონტროლის ალიანსის წინადადება, კაზინოებშიც აეკრძალათ მოწევა და ამით ყველა სათამაშო სახლი თანაბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. სამწუხაროა, რომ პარლამენტი არაფერს ცდილობს სათამაშო ბიზნესის შესავიწროვებლად, მეტიც, ეკონომიკურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ილუზიურ გამოსავალს სათამაშო სახლებში და უცებ დიდი ფულის მოგების მცდელობაში ხედავენ, მდგომარეობას იმითაც უმძიმებენ, რომ თამბაქოს კვამლით გაჯერებულ სივრცეში ისუნთქონ და უამრავი დაავადების გამოწვევის საფრთხის წინაშე დადგნენ.

პარლამენტი დღეს ასევე განიხილავს თეატრში, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, სცენაზე მოწევის დაშვებას. ამ ინიციატივის ავტორია დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია, რომელიც აცხადებს, რომ მას, როგორც რეჟისორს შემოქმედებით პროცესში ხელის შემშლელად მიაჩნია სცენაზე მოწევის აკრძალვა. ალექსანდრე ქანთარია ჯიუტად არ ცნობს დასავლეთის ქვეყნებში უკვე წლების წინ მიღებული კანონის ამ ნაწილს და როგორც აცხადებს, არც უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული რეკვიზიტების შესახებ სმენია, რომელიც მოწევის ზუსტ იმიტაციას ქმნის. ქანთარიას აზრით, თამბაქოს ნაწარმის ბოლით სცენაზე შექმნილ მისტიურ გარემოს თურმე ვერაფერი ჩაანაცვლებს. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ მოთხოვნის უკან თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენა და ფულადი ინტერსები დგას. აღასანიშნავია, რომ სცენაზე თამბაქოს მასობრივად იყენებენ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში, რომლებიც იაპონური თამბაქოს კომპანიამ დააფინანსა,“ – აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი.

შემთხვევითი სიახლე

“ვითიბის” კონკურენტული სასესხო შეთავაზება აქვს

თბილისი (BPI) –  სებ-ის  მორიგ რეგულაციებამდე, “ვითიბი ბანკი” სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს. უზრუნველყოფილი სესხი …