თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისი (BPI) – თბილისი საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი 17 ივლისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“გაიმართება და მასში მონაწილეობას 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს.

ფორუმი ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ერთობლივი ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ტარდება.

ფორუმი, რომელიც იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება, ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

ფორუმის მიზანია შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც ფორუმის ინიციატივის ქვეყნების, იტალიური და ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი და იტალიის ეკონომიკის განვითარების მინისტრი მიკელე ჯერაჩი გახსნიან, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი. ფორუმის მსვლელობისას განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა,სასოფლო-სამეურნეო წარმოება, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისო შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ამასთანავე, ბიზნესფორუმის ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს მიეძღვნება.

სამუშაო სესიების შემდეგ იტალიური და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იტალიის სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნების ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები.

შემთხვევითი სიახლე

ნინო ჩიქოვანი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო ჩიქოვანის თავმჯდომარედ …