თბილისის მერია პროფსასწავლებებთან ერთად პროფესიული გადამზადების პროგრამას იწყებს

თბილისი (BPI) – თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად იწყებს პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“.

პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა.

თბილისის მერიის ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ტურიზმის, მომსახურების და სამშენებლო სექტორში.

სასწავლო კურსებს სრულად აფინანსებს თბილისის მერია და მისი ხანგრძლივობა 3 თვეს შეადგენს.

პროფესიული სწავლების მიმართულებები:

  1. ელექტრიკოსი;
  2. შემდუღებელი;
  3. დურგალი;
  4. მშენებელი;
  5. ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი;
  6. ავტომექანიკოსი;
  7. მძიმე ტექნიკის (სამშენებლო) ოპერატორი;
  8. მზარეული;
  9. სასტუმრო საქმისმწარმოებელი;
  10. სარესტორნო საქმისმწარმოებელი (მიმტანი);
  11. კონდიტერი (პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი);
  12. ბარმენი;
  13. მკერავი;
  14. სტილისტი;
  15. ლანდშაფტის დიზაინის სპეციალისტი;

შერჩევის კრიტერიუმები: მოქალაქე უნდა იყოს ქალაქ თბილისში რეგისტრირებული; უნდა ჰქონდეს საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; მოქალაქის მინიმალური ასაკი უნდა იყოს 18 წელი; გაიაროს გასაუბრება დარგის სპეციალისტთან.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაცია 23 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამაში მონაწილე პროფესიულ კოლეჯებს:

სპექტრი– http://www.spectri.org/

იკაროსი –http://www.icarus.ge/index.php/en/

მერმისიhttp://www.mermisicollege.edu.ge/ ;