ტარიელ ზივზივაძე: გადავწყვიტე სიმბოლურად $100 დავაბანდო ქართულ კრიპტოვალუტაში AISIcoin-ი

თბილისი (BPI) – ორგანიზაცია kar.ge-ს დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე გეგმავს ქართულ კრიპტოვლუტაში გარკვეული თანხა დააბანდოს. საკუTარ განზრახვაზე ზივზივაძე ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე წერს. იქვე აღნიშნავს, რომ არ არის ფინანსური კონსულტანტი და მისი მისია ხარისხიანი ქართული ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდაა, მაგრამ კარგად ესმის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალი.

წერს, რომ პირველი სრულყოფილი ქართული კრიპტოვალუტა – AISIcoin-ი “ფაბრიკაში” წარადგინეს და გადაწყვიტა საკუთარი მიმოხილვა დაეწერა მიკერძოების გარეშე.

“სანამ დავწერდი ქვემორე ტექტს, ყურადღებით გავეცანი AISIcoin-ის ვებსაიტსwhite paper-ს, Facebook გვერდს და რეგისტრაციის გვერდს. თუ „თემაში ბრძანდებით“, იგივეს გირჩევთ თქვენც.

რა დამაკლდა დღეს პრეზენტაციაზე:

  • დღევანდელი პრეზენტაციის ორგანიზება … ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე რბილად რომ ვთქვათ. საქმეს ძალიან წაადგებოდა (მხოლოდ ზოგიერთს ჩამოვთვლი): ყოველი სტუმრისთვის რელიზის დარიგება აუცილებელი ინფორმაციით; სლაიდ შოუ და ზედ ყველაფრის ვიზუალურად ჩვენება; პრომო ვიდეოს დიდ ეკრანზე ჩვენება; ყველა ნიუანსის ვიზუალურად ახსნა; ვებსაიტის & white paper-ის & რეგისტრაციის ვიზუალის ჩვენება დიდ ეკრანზე; მემორანდუმი რომ ფორმდება მხარეებმა ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტები უნდა გაცვალონ რაც არ მომხდარა აქ; და ა.შ. ყველაფერი ეს მეტ ნდობას აღუძრავდა იქ მოსულ ადამიანს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მით უმეტეს ასეთ დროს;
  • გამომსვლელები იყვნენ მოუმზადებლები. აუცილებელი იყო: გუნდის მიერ რეპეტიციის გავლა ადამიანთან, რომელიც დაუსვამდა ჩამჭრელ შეკითხვებს და ავარჯიშებდა გამომსვლელებს ეფექტურად საუბარში; გუნდის წევრებიდან გამოკვეთილი უნდა ყოფილიყვნენ „მოლაპარაკეები“ და მათ უნდა ევარჯიშათ მიკროფონთან მუშაობაში; თარჯიმანი ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად თარგმნიდა; პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი დუბაიდან, რომელიც ამბობს რომ 2015 წლიდანაა თემაში, დაწერილ ქ გვერდიან ტექსტს არ უნდა კითხულობდეს და Satoshi Nakamoto-ს „ამოკითხვისას“ შეცდომას არ უნდა უშვებდეს (სატოში ნაკატომო ამოიკითხა. ვინც „თემაშია“, მიხვდება რაც ვიგულისხმე);
  • ღონისძიების წამყვანმა დაუშვა ბევრი შეცდომა. იგი ვერ მართავდა პროცესს. არაერთი ლაფსუსი იყო ამ ნაწილში. ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო ეს: როცა დუბაიდან ჩამოსულმა სტუმარმა თავისი „ჩაინგლისურებით“ როგორც იქნა „გააჩუმა“ აუდიტორიის ანერვიულებული წევრი (რომელიც სწორედ იმიტომ ანერვიულდა, რომ ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო შეკითხვაზე), წამყვანი და გუნდის ერთ-ერთი წევრი არ უნდა დაბრუნებოდნენ ისევ იმ ადამიანთან ღია დისკუსიას;
  • აუდიტორიის მიერ დასმული შეკითხვების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პასუხი გუნდმა უბრალოდ ვერ გასცა. კი მართალია აუდიტორიაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და ბევრი უსაგნო შეკითხვა დაისვა, მაგრამ 30% მაინც ხომ იყო საგნობრივი? არ იყო პასუხები! არადა პასუხების მნიშვნელოვანი ნაწილი წერია გამოქვეყნებული დოკუმენტებში. კომუნიკაცია აშკარად დასახვეწია და ეს სასწრაფოდ არის გასაკეთებელი;
  • White Paper არის სუსტი. გრამატიკული შეცდომების, ზედმეტად ტექნიკური ტერმინოლოგიისა და შესავალი „ლექციის“ მიღმა არის მთავარი ლაფსუსები: თუ ყურადღებით დაათვალიერებთ, ნახავთ, რომ სამუშაო გეგმის პირველი რამოდენიმე სვლა ნათელია (აქ არის PRE SALE ეტაპი, PRE ICO ეტაპი, ICO ეტაპი), თუმცა შემდგომი ეტაპები ნათელი არ არის როგორც შინაარსის, ასევე შესრულების განრიგის თვალსაზრისით;
  • MVP ვერ დავინახე. თემა ეხლა იქოქება და ეს ჯერ არ არის, მაგრამ მე ვერც ის დავინახე თუ რა შექმნა გუნდმა ან გუნდის წევრებმა აქამდე. როცა არ არის MVP, მაშინ აუცილებელია აუდიტორიას აჩვენოთ რაღაც მაინც, რაც გუნდის წევრებმა შექმნეს აქამდე, ინდივიდუალურად მაინც. ეს კრიტიკულად აუცილებელია აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად;

რა მომეწონა:

  • მარკეტინგული მხარე: ბრენდული დასახელება აშკარად კარგად შერჩეულია. ადვილად დასამახსოვრებელია. ლოგო, პოსტერები, ვიდეო პროდუქცია ასევე პროფესიონალების ნამუშევარია. პრეზენტაციამდე პერიოდის marketing traction კარგად მენიშნა. ინტრიგა ჩაიდო და ინტერესიც იყო. ეს დადასტურდა კიდეც პრეზენტაციაზე, რომელსაც ჩემი შეფასებით მინიმუმ 300-მდე ადამიანი მაინც დაესწრო. აშკარაა, რომ დიდი აქცენტი ფაბრიკაში ხალხის მოზიდვაზე არ გაკეთებულა, თორემ სასუნთქი ჰაერი არ დარჩებოდა დარბაზში;
  • ვებსაიტი და White Paper. 4 თებერვლისთვის ითქვა რომ გამოქვეყნდებოდა და გამოქვეყნდა კიდეც ორივე. ითქვა, რომ დაიწყებოდა PRE SALE იმავე საღამოს ღამის 12:00-თვის და დაიწყო კიდეც. როცა ითქმება და კეთდება ესაა ის, რაც განსაკუთრებით მომწონს;
  • გუნდი: AISIcoin-ის ოფიციალურ ვებსაიტზე ცალკე განყოფილება ეთმობა გუნდს. მომეწონა ის, რომ გუნდი აზრიანად შეკრულს ჰგავს. დააკვირდით, სამართლებრივ საკითხებში მრჩეველიდან დაწყებული, ფოტოგრაფით დამთავრებული (ტექნიკურ გუნდზე აღარაფერს ვამბობ) ყველა რგოლი გათვალისწინებულია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის შეიძლება არა ბოლომდე შეთამაშებული, მაგრამ ის გუნდი, რომელმა გაბედა და უმნიშვნელოვანესი საქმე დაიწყო. ამ საქმეს კი ნამდვილად სჭირდება გაბედულება. ამიტომ მგონია, რომ მინიმუმ თავს არ შეირცხვენენ და რასაც იტყვიან გააკეთებენ. ის ფაქტი, რომ გუდთან პირისპირ კომუნიკაციაა შესაძლებელი ვფიქრობ ძალიან ბევრს ნიშნავს;
  • AISIcoin არ არის მხოლოდ კრიპტო ვალუტა. ეს არის ICO პლატფორმა. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მაგალითად ადგილობრივი მეწარმისთვის, ნებისმიერი პროექტის იდეის ავტორისთვის, საბანკო სისტემის გვერდის ავლით იშოვოს დაფინანსება საკუთარი პროექტისათვის. ეს სწორედ ის ნოვაციაა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის პირადად ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. ერთი პრეცედენტიც რომ შეიქმნას ამისი, AISIcoin-ის ბედს ძაღლი არ დაჰყეფს! ესაა სწორედ ის მექანიზმი, რომელიც AISIcoin-ის ინვესტორს აქცევს HODLER-ად და უზრუნველყოფს AISIcoin-ში ინვესტიციის მომგებიანობას!

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სიმბოლურად 100 USD დავაბანდო AISIcoin-ში. რატომ?

  1. AISIcoin PRE SALE-ის ეტაპზე ღირს 0,5 ცენტი. PRE ICO ეტაპზე უკვე 4-ჯერ ძვირი იქნება (2 ცენტი). ICO ეტაპზე კი ეხლანდელთან შედარებით 16-ჯერ ძვირი (8 ცენტი). პირველივე ბირჟაზე კი როგორც მოხვდება ალბათობა იმისა, რომ მინიმუმ 10x-ჯერ მეტი მიიღო ეხლა დაბანდებულ ფულში არის ძალიან დიდი. მატარებელს მაშინ უნდა შეახტე, როცა გადის და ზუსტად ეხლაა ეს დრო ჩემი მოკრძალებული აზრით;
  2. AISIcoin ყველაფერთან ერთად ICO პლატფორმაა. ეს კი სწორედ ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც AISIcoin-ის გამოყენებას უზრუნველყოფს მომავალში. ამ მხარის ამუშავება იქნება შვება ადგილობრივ ბაზარზე კაპიტალის მოზიდვის მოსურნეთათვის. ეს განავითარებს ქართულ ბიზნესს, შექმნის სამუშაო ადგილებს და დოვლათს ქვეყანაში;

საქართველოში პროექტისთვის ფულის მოზიდვა რომ გინდოდეს, სამი წყარო გაქვს: ბანკი, ინვესტორი ან საკუთარი ჯიბე. რეალურად კი ჯიბეში არაფერი გაქვს, ინვესტორი სანთლითაა საძებარი, ბანკი კი „დათვის მეგობარია“. მაგალითად ამ მომენტში 3 მწარმოებელი ვიცი, რომელიც ეძებს ინვესტორს და ვერ პოულობს. რა უნდა ჰქნა იმ დროს, როცა ძალიან კარგი პროექტისათვის ფულს ეძებ და სამივე ზემოთ ხსენებული გზა დახშული გაქვს? გამოსავალი არსებობს და როგორც იკვეთება AISIcoin ამას გვთავაზობს სწორედ!”, – წერს FB-ზე ტარიელ ზივზივაძე.