თამბაქოს კონტროლის ალიანსი სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას ითხოვს

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლის ალიანსი სამორინეებსა (კაზინოებში) და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას ითხოვს. ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა და კანონში ცვლილებების შეტანისკენ პარლამენტს მოუწოდებს.

ალიანსში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში მყოფ თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაზე საუბრობენ და სწორედ ამის შედეგად ახალი კანონით დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაცია სამორინეებსა და სიგარ-ბარებზე არ გავრცელდა.

“ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს იღებდა, სამწუხაროდ ჩვენმა ალიანსმა ვერ შეძლო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში მყოფ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებს მორეოდა. სწორედ მათი გავლენითა და აქტიურობით, ახალი კანონის იმ მუხლში, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევას კრძალავს,  გამონაკლისის სახით სამორინეებში (კაზიონებში) და სიგარ-ბარებში (მხოლოდ სიგარის) მოწევა დაიშვა”.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი გამონაკლისებთან შეგუებას არ აპირებს.

“არ შევეგუებოდით მსგავს გამონაკლისს, რომელსაც თავიდანვე პროვოკაციული დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, მოსალოდნელი იყო ის, რაც ორი დღის წინ მოხდა. ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პარლამენტს  განცხადებით მიმართა, დაიშვას შესწორება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მეათე მუხლში, სადაც ე ქვეპუნქტით მოწევა მხოლოდ სამორინეში შეიძლება. აღნიშნული ასოციაცია კანონის ასეთ დეფინიციას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მოწევა დაიშვას სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით, არამხოლოდ სამორინეებში, არამედ ტოტალიზატორებში, აზარტულ კლუბებში და სათამაშო აპარატების სალონში.

ასოციაციის განცხადებით, დღევანდელი კანონი სამორინეებს თითქოს მონოპოლიურ უფლებას აძლევს და სათამაშო ბიზნესის სხვა სუბიექტებს გაკოტრებით ემუქრება. თუ მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, გამოსავალი მარტივია, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში უნდა გაუქმდეს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებში და სიგარა-ბარებში, რაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ დასახელებულ მონოპილიის საფრთხესაც მოხსნის და სამორინეებში და სიგარ-ბარებში დასაქმებულ პერსონალსაც დაიცავს მწეველი სტუმრების მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლისგან.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებას  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ვიმედოვნებთ, აღნიშნული კომიტეტი საზოგადოების ჯანმრთელობის უფლებიდან გამომდინარე იმსჯელებს, თამბაქოს კონტროლის კანონში დახურულ სივრცეში მოწევის დაშვების გამონაკლისს გააუქმებს და სამორინეებსა და სიგარ-ბარებსაც გაათავისუფლებს თამბაქოს კვამლისგან.

წინააღმდეგ შემთხვევაში თამბაქოს ალიანსი მზად არის ამახილოს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები, რომლებიც ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურობენ. მოვითხოვთ სამართალდამცველებმა გამოიკვლიონ კონკრეტულ პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან”, – განმარტავენ ალიანსში.

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …