თამბაქოს ახალი კანონი ამოქმედდა – საერთაშორისო პარტნიორებთან კანონის აღსრულების გამოწვევებზე ისაუბრეს

თბილისი (BPI) – 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეგულაციები ამოქმედდა. თამბაქოს ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის სამდივნოს უფროს კრისტინა მაიერ სტენდერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დირექტორ მარიან ივანუშას, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენელ ტიმ ბექსტერს და თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო ექსპერტ ენდრიუ ბლექს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს კანონმდებლობის აღსრულების გამოწვევებზე, დაგეგმილ აქტივობებზე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლო ფინანსურ, საექსპერტო, ტექნიკურ და საერთაშორისო მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ კანონის აღსრულებაზე, ასევე შემდგომ კონტროლზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ შესაბამისად მონიტორინგი, საპარლამენტო ზედამხედველობა კანონის აღსრულებაზე. ასევე ვისაუბრეთ, რამდენად პრობლემატურია ან არ არის პრობლემატური კანონის დანერგვა და შესაძლო პრობლემების მოსაგვარებლად, დამატებით რა საჭიროებებია აუცილებელი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, გაგრძელდება მხარდაჭერა როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, ასევე გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსგან იმ მიმართულებით, რომელსაც ჰქვია კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ახნა-განმარტებები, ასევე თამბაქოს კონტროლის სხვა ღონისძიებებთან მიმართებაში.