სტამბოლის ახალ აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე დიდი duty free ექნება

თბილისი (BPI) – მსოფლიოში ყველაზე დიდი “უბაჟო ვაჭრობის” სივრცის მოწყობისთვის ინვესტორი 120 მლნ ევროს ინვესტიციას ჩადებს. ის სტამბოლის ახალ აეროპორტში 29 ოქტომბერს გაიხსნება.

duty free-ს მოწყობისთვის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია IGA-მ უკვე გააფორმა 25 წლიანი კონტრაქტი გერმანულ Heinemann-თან და მის პარტნიორ კომპანია თურქულ Unifree-სთან.

პროექტის თანახმად, ძვირადღირებული ბუტიკები აეროპორტში 6 500 კვ/მ-ზე იქნება გადაჭიმული. თურქული წარმოების მაღაზიებს, რომლებიც ბაზრის პრინციპით იმუშავებენ, 3 000 კვ/მ დაეთმობა.

500 კვ/მ ფართობს საინფორმაციო ზონები დაიკავებენ.

15 000 კვ/მ კი უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტს (duty free) დაეთმობა. დეკუსტაციის დარბაზებისთვის კი აეროპორტში 6 000 კვ/მ იქნება გამოყოფილი. სავაჭრო ცენტრებს კი 12 500 კვ/მ დაეთმობა.

როგორც თურქული მედია წერს, 2017 წელს duty free-ს ვაჭრობამ 1 მლრდ ევროს მიაღწია, საიდანაც გაყიდული პროდუქციის 36%-ი თამბაქოს ნაწარმზე მოდის, შემდეგ მოდის პარფიუმერია (28%) და ალკოჰოლური სასმელები (16%). ელექტრონული ტექნიკის გაყიდვების წილი duty free-ს ვაჭრობაში 11%-ს შეადგენს, ხოლო სათამაშოების – 9%-ს.