SkyUp Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეების ზრდას გეგმავს

თბილისი (BPI) – უკრაინული „ლოუკოსტერი“ SkyUp Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირეების ზრდას გეგმავს. ავიაკომპანიამ უკრაინის საავიაციო ხელისუფლებას უკვე მიმართა და საქართველოს, ესპანეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის მიმართულებით სიხშირეების ზრდა მოითხოვა.

იმავდროულად SkyUp-მა მონტენეგროს, ჩეხეთის, ალბანეთისა და ისრაელის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნაზეც შეიტანა განაცხადი.

უკრაინის საავიაციო ხელისუფლება SkyUp-ის მიმართვებზე 27 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, SkyUp-ი ითხოვს, რომ უკვე დანიშნულ კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე ფრენების სიხშირე კვირაში 2-დან 3-მდე გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების განხორციელებას თვის ბოლომდე დაიწყებს.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2019 წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

რაც შეეხება კიევი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 2019 წლის 25 მაისიდან შეუდგება.

SkyUp-მა 2018 წელს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით 14 ჩარტერული რეისი უკვე განახორციელა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SkyUp-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.

SkyUp მგზავრებს ეკონომ კლასზე სამი სახის ტარიფის ბილეთს სთავაზობს, ესენია Basic-ი, Standard-ი და Flex-ი.

სატარიფო სქემა Basic-ი მოიცავს მხოლოდ  7 კგ ხელბარგს და არ ხდება ავიაბილეთის დაბრუნება, ან გადაცვლა.

Standard-ი აერთიანებს 7 კგ ხელბარგსა და 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს. ბილეთის გადაცვლა ხდება ჯარიმის გადახდის საფუძველზე.

რაც შეეხება სატარიფო სქემა Flex-ს, ის  მოიცავს Standard-ის ყველა პირობას, პლუს ბილეთის დაბრუნება ჯარიმის სანაცვლოდ.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე …