შინმოვლის სასწავლო კურსი 200-მდე სტუდენტმა წარმატებით გაიარა

თბილისი (BPI) – საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სერთიფიკატები გადაეცა ყველა იმ სტუდენტს, ვინც შინმოვლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა.

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, 200-ზე მეტმა სტუდენტმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიარეს საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სასწავლო ცენტრის, შინმოვლის სასწავლო კურსი. ცენტრში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელს უწყობს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, საექთნო საქმის განვითარებას, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო კოლეჯების, სამედიცინო დაწესებულებებისა და კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლები.

დამსწრე სტუმრებმა და ტრენერებმა სტუდენტებს მიულოცეს სასწავლო კურსის დასრულება და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების განვითარების მნიშვნელობას საქართველოში.

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერის – გაიოზ ყუბანეიშვილის თქმით, სტუდენტების დაინტერესება წლიდან წლამდე მზარდია და დასაქმების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი – რადგანაც, მაღალკვალიფიციური პერსონალის საჭიროება არსებობს. ,,ამ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გადიან ტრენინგებს, რომელსაც გერმანელი სპეციალისტების მიერ მომზადებული ქართველი ტრენერები ატარებენ. საექთნო საქმის განვითარების კუთხით, საქართველოს კარიტასი აქტიურად მუშაობს – ტარდება კონფერენციები, მყარდება ურთიერთობები უნივერსიტეტებსა და კოლეჯებთან“.

დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორებმა და სტუმრებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს კარიტასის დირექტორმა – ანაჰით მხოიანმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და საექთნო საქმისადმი მამაკაცების მეტად დაინტერესების სურვილი გამოთქვა.

,,გაგიმართლათ, რადგანაც სერტიფიკატები გადმოგეცათ ამ სფეროში ყველაზე კვალიფიციური ორგანიზაციისგან“, – აღნიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა – კახა ერაძემ.

სასწავლო კურსს ახორციელებს საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სამედიცინო გუნდი შინმოვლის პროექტის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და გერმანიის კარიტასის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში, საშუალოდ, წელიწადში სხვადასხვა პროფესიული კოლეჯის 400 სტუდენტი იღებს ცოდნას შინმოვლის მიმართულებით. გეგმაშია, პედაგოგების მასშტაბური გადამზადებაც, რათა პროგრამამ რეგიონებიც მოიცვას.

შემთხვევითი სიახლე

სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების განვითარებაზე გერმანელ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს

თბილისი (BPI) – დუალური პროფესიული განათლების  მოქნილი საგამოცდო სისტემის დასანერგად,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო  პალატასა და მიუნხენისა …