შემომყვანი ტუროპერატორების მიერ დასახელებული ძირითადი მიზნობრივი ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი და გერმანია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების კვლევა ჩაატარა. კვლევაში 15 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი იყო ჩართული. გამოიკითხა 192 შიდა, გამყვანი და შემომყვანი ტურისტული კომპანია. მიღებული შედეგების მიხედვით 2017 წელს გაზრდილია როგორც შიდა, შემომყვანი და გამყვანი ტურების, ასევე ტურისტების რაოდენობაც.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:· შიდა ტურების რაოდენობა გაზრდილია, განაცხადა გამოკითხულ ტურისტულ კომპანიათა 45.5%-მა, ხოლო 50%-მა აღნიშნა, რომ გაიზარდა შიდა ტურისტების რაოდენობაც.რაც შეეხება შემომყვან ტუროპერატორებს, გამოკითხულთა 62.1% მიიჩნევს, რომ გაიზარდა ტურების რაოდენობა, ხოლო 63.6% საუბრობს გაზრდილი შემომყვანი ტურისტების რაოდენობაზეც. გამყვანი ტურების რაოდენობა გაიზარდა გამოკითხულთა 65.4%-თვის,66.7%-მა კი აღნიშნა, რომ გაზრდილია გამყვანი ტურისტების რაოდენობაც.·

ყველაზე ხშირად განხორციელებად შიდა ტურებში გამოკითხულ ტურისტულ კომპანიათა უმეტესობამ დაასახელა კახეთი, თბილისი და მცხეთა-მთიანეთი. შემომყვანი ტურების უმეტესობა კი თბილისში, კახეთსა და აჭარაში განხორციელდა.

შემომყვანი ტუროპერატორების მიერ დასახელებული ძირითადი მიზნობრივი ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი და გერმანია.გამყვანი ტუროპერატორებისთვის კი ძირითად მიზნობრივ ბაზრებს წარმოადგენს შემდეგი ქვეყნები: თურქეთი,ეგვიპტე, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი. · გამოკითხულ ტურისტულ კომპანიათა უმეტესობისთვის ყველაზე გაყიდვადი შიდა ტურები ქალაქებიდან მოიცავდა თბილისს, მუზეუმებიდან ეთნოგრაფიულს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ვარძიას და დაცული ტერიტორიებიდან მარტვილს.

ანალოგიური ადგილები დასახელდა შემომყვანი ტუროპერატორების შემთხვევაშიც, განსხვავებით კულტურული მემკვიდრეობისა, რომელიც მოიცავდა სვეტიცხოველს და დაცული ტერიტორიების ბორჯომს. ხოლო თბილისში კი ყველაზე მონახულებულ ადგილად ნარიყალა, მთაწმინდა და ძველი თბილისი დასახელდა

ტურისტული კომპანიების განცხადებით შემომყვანი ტურისტების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება კულტურულ და ღვინის ტურებზე.

შემომყვანმა ტუროპერატორებმა ტოპ მოთხოვნილ ფრენებში დაასახელეს შემდეგი მიმართულებები: მადრიდი, შანხაი, ტოკიო,საუდის არაბეთი, ნიუ-იორკი, ტაშკენტი, რომი, ინდოეთი დასეული. გამყვანი ტუროპერატორების ტოპ მოთხოვნილ ფრენებს შორის კი მოხვდნენ შემდეგი მიმართულებები: პარიზი, რომი,ბარსელონა, მადრიდი, ბრიუსელი, ინდოეთი და ბანგკოკი.

გამყვანი ტურისტული კომპანიების განცხადებით ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება საზღვაო და საექსკურსიო გამყვან ტურებზე.კვლევის დახმარებით განისაზღვრა მოგზაურების ძირითადი ბაზრები,მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები და სხვა. აღნიშნული კვლევის განხორციელების პროცესში სტუდენტებმა მიიღეს კვლევის ჩატარების გამოცდილება და გაიღრმავეს ცოდნა ტურისტული სექტორის რეალური მდგომარეობის შესახებ.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კვლევის წარმოების მიზნით უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს