საწვავი კიდევ გაძვირდა – კონკურენციის სააგენტოს უნიათობას კომპანიები კარგად იყენებენ

თბილისი (BPI) – საქმეს ისეთი პირი უჩანს საწვავი მალე ფუფუნების საგანი გახდება. გასულ კვირას თითქმის ყველა ბრენდირებულ სადგურზე საწვავი გაძვირდა. კერძოდ, ფასებმა საწვავზე 2-9 თეთრით მოიმატა. კერძოდ, 6 ივნისის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „სუპერი“ – 2.58 ლარი ღირს, მაშინ როცა 22 მაისის მდგომარეობით 2.55 ლარი ღირდა; „პრემიუმის“ ფასი – 2.45 ლარია, 22 მაისის მდგომარეობით კი 2.42 ლარი იყო; 3 თეთრით გაძვირდა და 2.33 ლარი გახდა 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი; ასევე 3-3 თეთრით გაძვირდა „ევრო დიზელი“ და დიზელი და დღეის მდგომარეობით, მათი ფასი შესაბამისად, 2.45 და 2.33 ლარია.

22 მაისის შემდეგ ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი შეიცვალა “გალფის” სადგურებზეც. კერძოდ, 4 თეთრით მოიმატა „ევრო დიზელის“ ფასმა და მისი ყიდვა – 2.49 ლარად არის შესაძლებელი; დიზელი კი 5 თეთრით გაძვირდა და დღეის მდგომარეობით, 2.44 ლარი ღირს. „სუპერის“, „G-Force პრემიუმის“, „G-Force ევრო რეგულარისა“ და „რეგულარის ფასი“ კი არ შეცვლილა. კერძოდ, „სუპერის“ ტიპის საწვავის ფასი დღეს 2.55 ლარია, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმი“ 2.37 ლარი; „G-Force ევრო რეგულარი“ 2.30; 1 ლიტრი „რეგულარი“ კი 2.25 ლარი ღირს.

რაც შეეხება სხვა ავტოგასამართ სადგურებს, „ლუკოილის“ სადგურებზე „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.50 ლარი ღირს, მაშინ როცა 22 მაისის მდგომარეობით, მისი ფასი 2.44 ლარი იყო, 9 თეთრით გაძვირდა „პრემიუმ ავანგარდი“ და 2.33 ლარი ღირს, 6 თეთრით მოიმატა „ევრო რეგულარის“ ფასმა და 2.20 ლარი გახდა; „ევრო დიზელის“ ფასი კი 2.28 ლარიდან 2.30 ლარამდე გაიზარდა. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა „ვისოლისა“ და „რომპეტროლის“ ქსელშიც.

საქართველოს ნავთობპროდუქტების მარაგი არ გააჩნია, შესაბამისად საწვავის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ფასებზე, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანაში ფასწარმოქმნას არაფერი აქვს ნავთობის საერთაშორისო ღირებულების ცვლილებასთან. ასე მაგალითად, ბოლო სამი კვირაა ნავთობის ფასი საერთაშორისო ბირჟებზე ეცემა, თუმცა საქართველოში პირიქით იზრდება. საერთოდ, თუ 6 ივნისის მდგომარეობით 1 ბარელის ფასი 65 დოლარამდე შემცირდა, 2008 წელს მისი ღირებულება 150 აშშ დოლარს აღწევდა, თუმცა მაშინაც კი არ ყოფილა საქართველოში ბენზისი ფასი ასეთი მაღალი. ქართველი ნავთობიმპორტიორების მიმართ უამრავი პრეტენზია გამოითქმის ბოლო 15 წლის მანძილზე, როგორც წესი საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი კონკურენციის პრინციპების დარღვევაზე და ბაზარზე კარტელური გარიგების არსებობაზე მიუთითებს. 2015 წელს პრემიერ-მინისტრის დავალებით კონკურენციის სააგენტომ 2008-2014 წლებში ნავთობპროდუქტების ბაზარზე მიმდინარე პროცესები შეისწავლა, კომპანიები რიგ დარღვევებში ამხილა და საერთო ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც გამოუწერა. თუმცა მომდევნო  წლებში ნავთობიმპორტიორებმა სააგენტოს ეს დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრეს და გაიმარჯვეს კიდეც. 2018 წელს კონკურენციის სააგენტომ ახლიდან ჩაატარა კვლევა იგივე პერიოდზე, რაც 2015 წელს იქნა შესწავლილი და ამჯერად ნავთობიმპორტიორები მხოლოდ 3 მილიონი ლარით დააჯარიმა.

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით კომპანიებს მოეხსნათ რიგი ბრალდებები, ამის მიზეზი იყო კანონმდებლობის ხშირი ცვლილება 2012-2014 წლებში, ასევე იმ ფაქტების ნაკლებობა, რომლებიც სააგენტოს პირვანდელ დასკვნას აკლდა. ასეა თუ ისე, ჯარიმა 18-ჯერ შემცირდა და საკითხი დგას მკაფიოდ, როდის იყოს კონკურენციის სააგენტო არაკვალიფიციური თავის კვლევაში 2015 წელს, როდესაც მას გიორგი ბარაბაძე ხელმძღვანელობდა თუ დღეს, როდესაც მისი თავმჯდომარე ნოდარ ხადურია. ფაქტია, რომ დასკვნებში ასეთი ასტრონომიური განსხვავება არ უნდა ყოფილიყო თუ კვლევა კომპეტენტური პირების მიერ იქნა ჩატარებული. გაუგებარია, ვინ უნდა აგოს პასუხი სამი წლის პერიოდში სააგენტოს მიერ დადებული ორი დასკვნის ასტრონომიულ აცდენაზე.

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე კვლავ განუკითხაობაა ერთის მხრივ სახელმწიფო რეგულირების ნაკლებობით კომპანიების კარგად სარგებლობენ. თმცა საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს და ნავთობის ფასი გაიზარდოს, რაც კიდევ უფრო მეტად გააძირებს ბენზინის ფასს ჩვენს ქვეყანაში.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკა ირანის წინააღმდეგ მორიგ ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს. ეს გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს გაახმაურა და განაცხადა, რომ „ამერიკა ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გადის“. ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის გასვლა და ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესება პირველ რიგში ნავთობის ფასზე აისახება. ეკონომიკური სანქციები, რომელიც 2012-დან 2015 წლამდე მოქმედებდა, თეირანს ნავთობის იმპორტის შესაძლებლობას უზღუდავდა, რაც თავის მხრივ, მსოფლიო ბაზარზე „შავ ოქროს“ აძვირებდა. გლობალურ ბაზარზე ირანული ნავთობის მიწოდების ზრდის შემდეგ საწვავი გაიაფდა, დღეს კი ტრამპის გადაწყვეტილება, როგორც საერთაშორისო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, პირველ რიგში სწორედ ნავთობის ფასზე აისახება. მეტიც, არ გამორიცხავენ, რომ ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარსაც კი მიაღწიოს. სხვადასხვა მონაცემებით, დღეს ირანი 24 საათის განმავლობაში 1-დან 3 მილიონ ბარელამდე ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. გლობალური ბაზრებისთვის ამ მოცულობის ნავთობის მიწოდების შეწყვეტა მის ღირებულებაზე გავლენას იქონიებს.

უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდას პროგნოზირებენ, რაც ავტომატურად აისახება ქართულ ბაზარზეც. იმ პირობებში კი, როცა ნავთობიმპორტიორებს სახელმწიფო ზედამხედველობის რიდი არ აქვთ საქართველოში ბენზინის ფასი სავარაუდოდ ახალი რეკორდებს დაამყარებს.

მერაბ ჯანიაშვილი

შემთხვევითი სიახლე

დიღომში ახალ ბინებზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – დიღომში ახალ ბინებზე მოთხოვნა იზრდება, – ასეთია Colliers International Georgia-ს ბაზრის ანალიზის შედეგები. …