სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა გახდა

თბილისი (BPI) – საქართველოს სათხილამურო ფედერაციის რიგით მე-11 ყრილობა გაიმართა დღეს სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“.

ფედერაციის ხელმძღვანელობამ ყრილობაზე 2015-2018 წლებში გაწეული სამუშაოს შესახებ საანგარიშო მოხსენება წარმოადგინა.

ყრილობაზე  საქართველოს სათხილამურო  ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და  ოლიმპიურ 4 წლიან ციკლს ემთხვევა.

ყრილობაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სათხილამურო სპორტს შემდეგი შემადგენლობით უხელმძღვანელებს: პრეზიდენტი – ზურაბ კოსტავა, გენერალური მდივანი – ირინა აჩბა, ვიცე-პრეზიდენტები: ეკატერინე გაბაშვილი, პატრიკ ლანგი, ეკატერინე ორჯონიკიძე, თამაზ გამცემლიძე.

ზურაბ კოსტავას ხედვით, სათხილამურო სპორტი განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ვინაიდან საქართველო მთის ქვეყანაა და ამ სპორტის ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია, სათხილამურო სპორტის განვითარება საქართველოში მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის  განვითარებისთვის, ასევე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.

ყრილობას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის ,,სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენეიშვილი. მათ რეგიონებში სპეციალიზირებული სპორტ-სკოლების გახნის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს საქართველოში სპორტსმენების რაოდენობის გაზრდას და სამთო სათხილამურო კურორტების კიდევ უფრო განვითარებას.