სასტუმროების მომსახურება აპრილში გაძვირდა

თბილისი (BPI) – სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, 4.2%-ით გაიზარდა.

როგორც pmcg-ის კვლევაშია აღნიშნული, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად დედაქალაქში გაიზარდა (6.3%- ით), ფასები ყველაზე მეტად შემცირდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (4.1%-ით).

აღსანიშნავია, რომ აპრილში, მარტთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 3.1%-ით გაიზარდა, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი) საქართველოში მყოფი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.8%-ით შემცირდა6. 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, 3.4%-ით გაიზარდა. მარტის მსგავსად, ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა თბილისში და აჭარაში, ხოლო ყველაზე მეტად შემცირდა მცხეთა-მთიანეთში.

საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები აპრილში, მარტთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად თბილისში გაიზარდა.